ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებით კი აშშ-ის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სთხოვს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა არ მისცენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
გახარიას თქმით, დღეს, საქართველოს ქუჩებში, ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს.
„თქვენი სახელმწიფოების და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის საჭიროა ჩატარდეს სრულყოფილი დამოუკიდებელი გამოძიება. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, არ იყოს მოპარული შემდგომი არჩევნები და დავიცვათ საერთოდ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, შეცვალონ ხელისუფლება“, - მიმართა დიპლომატებს გახარიამ.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „სისტემურად გაყალბებული“ იყო და სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: ხმის ფარულობის დარღვევა, „ქართული ოცნების“ გავლენით საარჩევნო კომისიების ფორმირება და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება.
„ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს კრიზისი არ მომხდარიყო და ქვეყანა გამოეყვანა ამ კრიზისიდან. მათ უბრალოდ შეეძლოთ, გამოექვეყნებინათ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების სია და ამით ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ისინი მოიქცნენ საპირისპიროდ - დაიწყეს ხელოვნური, „ფეიკ“ გამოძიება და პროკურატურას ფაქტობრივად ტყვედ ააყვანინეს ის აპარატურა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება.
დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე მიიჩნევს, რომ არჩევნები და ხმა მოჰპარეს, მე კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით, მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, ლეგიტიმაციის მიღების.
მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს როდესაც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, გაეცემა სრულფასოვანი პასუხი“, - თქვა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველ სხდომაზე შეკრებას 25 ნოემბერს, ორშაბათს, გეგმავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი.
ცესკოს საბოლოონ მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. სალომე ზურაბიშვილი და 34 ოპოზიციონერი დეპუტატი არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.