შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნეს. ამ ეტაპზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის,თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 ივლისს, აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები - 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ.
დაკავებული ადვოკატები იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც განკარგავდნენ აღნიშნული ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს. ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ.
დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების: „ჰეროინის“, „კოკაინის“, „ბუპრენორფინის“, „მეტადონის“, „მეტამფეტამინის“, „ამფეტამინისა“ და „მდმას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას.
ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
პროკურატურის ინფორმაციით, 2021-2023 წლებში, ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს.
საქმის მასალების მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია რამდენიმე ხერხით განხორციელდა:
- თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდულობით „პირადი გადარიცხვის“ დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის - ე.წ. დამდების ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა;
- თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ - ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით, საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში - 2 039 542 აშშ დოლარი და 531 986 ფუნტი სტერლინგი;
- თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკომატით განაღდება ხორციელდებოდა ან გატანა ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში, აღნიშნული თანხის ოდენობამ ჯამში - 740 502 ლარი, 560 173 აშშ დოლარი და 162 124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა. ბრალდებულები თანხის ნაწილს, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით, ასევე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ;
- ორგანიზებული ჯგუფი საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდულობდა. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებებით და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმით და დანიშნულებით, ჯამში 5 126 491 თურქული ლირა, 67 257 ფუნტი სტერლინგი და 14 289 აშშ დოლარი გადაირიცხა.
- ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე როგორც „დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.