„ვწუხვარ, მაგრამ ვიცი, რომ ამ პროექტის და ამ პროცესის ბოლო ერთადერთია. ეს უახლოეს ხანებში დიდ რყევას გამოიწვევს საქართველოში. მაინტერესებს, რატომ ცდილობთ, რომ ასე შეირყეს ქვეყანა? რატომ? რისთვის? რა არის მიზანი? შეიძლება რომ პოლიტიკურ მიზანს ასე დაუქვემდებაროთ ყველაფერი სხვა? რა არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ ახლა, არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე, ასეთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ტურბულენტობას იწვევთ?“, - ეს შეკითხვა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს, „ქართული ოცნების“ წევრებს დაუსვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„კანონის პროექტი ხელთ მაქვს, ყურადღებით წავიკითხე რამდენჯერმე და მინდა გითხრათ, რომ რომელ მუხლსაც არ უნდა ჩახედო, ყველაგან აღმოაჩენ ერთ უცნაურობას: გამჭვირვალობის არაჩვეულებრივი იდეისა და მიზნის საფარქვეშ არის დიდი პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას - თქვენ ხელისუფლებას დღეს და სხვას სხვა დროს, თუკი ექნება ასეთი უკეთური განზრახვა, აქვს უფლება, რომ განსხვავებული, კრიტიკული, მიუღებელი აზრის მქონე ადამიანები, ორგანიზაციები მოაქციოს ამ კანონის რეგლამენტირების ქვეშ და პოლიტიკურად იძიოს შური. მე-8 მუხლს თუ ჩავხედავთ, აქ მითითებულია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეძლევა ექსკლუზიური უფლება მონიტორინგის და სხვა უფლებებიც.
საქმე ის არის, რომ ასეთი კანონი რომც არსებობდეს, არცერთ განვითარებულ, სამართლებრივ, წარმატებულ ქვეყანაში არ დაისმებოდა ამდენი კითხვა და ვფიქრობ, რომ საერთოდ არ დაისმებოდა კითხვა, რადგან ნებისმიერ მოქალაქეს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს დემოკრატიულ, სამართლებრივ ქვეყანაში აქვს გარანტირებული უფლება იმის, რომ მიმართოს სასამართლოს და თავისი უფლებები იქ დაიცვას. ჩვენთან ეს კონსტიტუციური უფლება დაცული არ არის. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ პროექტის მიმართ ამხელა უნდობლობაა როგორც ჩვენ საზოგადოებაში, ისე პარტნიორებში. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო დღეს, მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენლით არ არის მზად ამისთვის.
მეორე - გამჭვირვალობის საფარქვეშ, არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მარტივად შეიძლება ოპონენტების დევნა. ეს გამოცდილება საქართველოში ჩვენ გვაქვს. თქვენ შეძლებთ ნებისმიერი თქვენთვის არასასურველი ორგანიზაცია არა უბრალოდ დააჯარიმოთ, არამედ იქამდეც მიიყვანიოთ, რომ საერთოდ ფუნქციონირება შეწყვიტოს.
ჩვენი მოქალქეების დიდი ნაწილის შეშფოთება აბსოლუტურად საფუძვლიანია და ასევე, დასავლელი პარტნიორებისა. ამ კითხვებზე პასუხი მანამდე ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი, ვიდრე თქვენ არ გამოიჩენთ საკმარის პოლიტიკურ ნებას და პირველ რიგში - როგორც აქ ერთმა კოლეგამ უკვე თქვა - არ დაიწყებთ სამართლებრივ რეფორმებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქროთ მსგავს კანონპროექტებზე. სხვა შემთხვევაში ვერ გენდობით, ვერ გენდობით ვერც მე და ვერც ის ათასობით ადამიანი შარშან, მარტის თვეში რომ შეიკრიბა და შეიკრიბება წელსაც“, - განაცხადა დეპუტატმა.
არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევა მოუწევს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპროტესტო აქციის ფონზე, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აეკრძალათ ონლაინ მედიასაშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი განხილვიდან გააძევა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა და აპირებს მიმდინარე სესიის დასრულებამდე მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რუსულ კანონი გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნატომ, გაერომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობაზე.