რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლებიც, მათ შორის ის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ყველაფერი, რაც აქ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია. დილით, ვიდრე აქ მოვიდოდი, ვნახე, რომ სუს-ის შენობის ეზოში სპეცრაზმია, მობილიზებულია ასობით პოლიციელი. გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომ ტელემედიის გარდა პარლამენტის შენობაში ვერავინ შევიდოდა.

პირველ რიგში, ეს რუსული კანონი გვეხება იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვარსებობთ. პარლამენტი ფიქციურად მაინც უნდა გვიშვებდეს შიგნით და გვისმენდეს, იქნებ არ ვყვირი, მაგრამ აპრიორი ეშინიათ, მხდალები არიან. შიგნით არ გვიშვებენ, რომ ჩვენი ხმა ვერ გავაგონოთ, მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ კანონის მიღებას არ ჩავშლით“, - განაცხადა „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

„ჩვენ ვითხოვთ, ხელისუფლებამ იგივე მიმართულება მისცეს ამ რუსულ კანონპროექტს, რაც შარშან მისცა, წაიღოს უკან. გამორიცხულია, რომ ქართული საზოგადოება შეეგუოს იმას, რომ წმინდა რუსულ სტილში, წმინდა საბჭოთა სტილში ადამიანები მონიშნონ აგენტებად და ამის შემდეგ დაიწყონ მათი დევნა და ხოცვა. ეს გამორიცხულია საქართველოში“, - აღნიშნა „პუბლიკას“ რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა.

აქციაზე ისმის შეძახილები „არა რუსულ კანონს!“, „მონებო“, „რუსებო“. დემონსტრანტებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალეს.

„ჩვენ შეიძლება ვიყოთ თაობა, რომელიც სულ რამდენიმე წელში, ევროკავშირში შეიყვანს ამ ქვეყანას, ან შეიძლება ვიყოთ თაობა, რომელიც გახდება მოწმე, როგორ გახდება ეს ქვეყანა რუსეთის გუბერნია და გადაიქცევა კავკასიურ ბელარუსიად. ამიტომ აქ დგომა არის პრივილეგია და ჩვენ ბოლომდე ვეცდებით, რომ ეს კანონი არ მივაღებინოთ, ან როგორც მინიმუმ ძალიან ძვირი დაუჯდეთ ის პროცესები, რასაც ახლა იწყებენ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

„დაიდო პირობა, რომ ამ კანონს აღარასოდეს არ მიუბრუნდებოდნენ და ეს არის მოსახლეობის ღალატი. იმ გაერთიანების შემდეგ, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, მთავარი მუხტი, რაც ამდენი წელია ჩვენს საზოგადოებას არ ჰქონია, რომ გაგვაერთიანა ფეხბურთმა, ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და რაღაც სხვა იმედები გაჩნდა, ისევ მოხდა საზოგადოების გახლეჩვა. მემგონი, არ უნდა შევეგუოთ ამას“, - თქვა მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა.

აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა და აპირებს მიმდინარე სესიის დასრულებამდე მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რუსულ კანონი გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნატომ, გაერომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).