ფოტო © REUTERS/ირაკლი გედენიძე

საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, კანონის განხილვა არსებითად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სივრცეს კრიტიკული ხმებისთვის და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ჰაინრიხ ბიოლის, ფრიდრიხ ებერტის, ფრიდრიხ ნაუმანის და კონრად ადენაუერის ფონდები.

გერმანული ფონდები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე სურვილი და გამოხატავენ თავიანთ კატეგორიულ წინააღმდეგობას კანონის მიმართ.

„ჩვენ ვიზიარებთ კანონის კრიტიკას, რომელსაც ბევრი პატივსაცემი ინსტიტუცია გამოთქვამს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სერიოზულად მოეკიდოს ქართველი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და მხარი არ დაუჭიროს კანონს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციბი და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან მას შემდეგ, რაც ორი ათეული წლის წინ, საქართველოში საქმიანობა დავიწყეთ“, - აცხადებენ ფონდები და აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მათი საქმიანობა, რომელსაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდება.

 „უფრო მეტიც, ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. დღეს, 29 აპრილს, რუსული კანონი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).