ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ რუსეთს NATO-ს გაფართოება აღიზიანებს? - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოჰყვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გამოდის, რომ ჩვენმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ. ანუ ეს გაუკვირდათ?! ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ.

ამ ნარატივზე, რომელიც უდავოა და ამაზე რეალურად არავინ კამათობს, რომ დიახ, რუსეთს აღიაზიანებს და იბრძვის NATO-ს გაფაროთოების წინააღმდეგ, რაც თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს, აწყობენ რაღაც ლოგიკას, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. თან არავის დაავიწყდეს, რომ გვამუნათებენ ხოლმე და რაღაც სიტყვებს გვახსენებენ - 2017 წელს ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში საქართველოს მომავალთან დაკავშირებით დავალება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ საქართველოს სწრაფვა უნდა იყოს ამ [ევროკავშირის და NATO-ს] მიმართულებით“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ერთმანეთს არ გამორიცხავს მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის და NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი.

„საიდან მოგაქვთ ეს ნარატივი. ესე იგი, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გამორიცხავს რუსეთისთვის შესაძლოა კიდევ მეტად უპირატეს მიზანს, რომ NATO-ს გაფართოება შეაფერხოს და ამის წინააღმდეგ იბრძოლოს. დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართიება და იბრძვის ამის წინააღმდეგ და მისი საოკუპაციო მიზნები ამ ყველაფერთან თანხვედრაშია. თქვენც თუ ღარიბაშვილისგან გაიგეთ პირველად, რომ რუსეთს NATO-ს გაფართოება აღიზიანებს, ნამდვილად გამოიწვევს ჩემს გაკვირვებას“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განზრახვა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულმა ოპოზიციამ და საერთაშორისო პარტნიორებმა გააკრიტიკეს.

„იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა - 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეფერხება იყო რუსეთის შემდგომი აგრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ერთი-ერთში გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში პუტინის რეჟიმისთვის სასარგებლო იდიოტების ან მათ მიერ პირდაპირ დაქირავებულების სალაპარაკო მცდარი თეზისი იყო - თითქოს NATO-ს გაფართოებამ აღმოსავლეთით, უკრაინისა და საქართველოს სურვილმა, რომ გამხდარიყვნენ NATO-ს წევრები, გამოიწვია რუსეთის აგრესია“, - თქვა „ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ და სხვა ოპოზიციონერებმა ღარიბაშვილის განცხადება ქვეყნის ღალატად შეაფასეს.

„დაუჯერებელია... საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა მოუვიდა საქართველოს? საქართველოს მთავრობამ, რომლის სათავეში „ქართული ოცნებაა“, უკვე შეწყვიტა დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშების დარიგება და ახლა პრემიერ-მინისტრმა არსებითად განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა აღარ მოიცავს NATO-ში გაწევრიანებას. რატომ იჯაჭვავენ თავს გვამზე, რომელსაც კრემლი წარმოადგენს?“, - დაწერა Twitter-ზე ამერიკელმა გენერალმა და ევროპაში შეერთებული შტატების ჯარების ყოფილმა სარდალმა, ბენ ჰოჯესმა.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები თანხმდებიან, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის მიერ პროვოცირებული არ ყოფილა.

2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე უკრაინამ და საქართველომ მიიღეს დაპირება, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა მაშინ NATO-მ მხარი არ დაუჭირა ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (ე.წ. მაპის) მინიჭებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).