გვრიტიშვილმა გვითხრა, რა დავინახეთ არ აქვს მნიშვნელობაო - იურისტი სააპელაციოს ექსპერიმენტზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ამომრჩევლის ხმის ფარულობაზე საჩივარს განიხილავს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. სასამართლომ ექსპერიმენტი ხელახლა ჩაატარა, რათა ენახა, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურებისას ნამდვილად ჩანდა თუ არა ამომრჩევლის მიერ გამოვლენილი ნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, ექსპერიმენტი ცესკოს სპეციალისტებმა ჩაატარეს.

„ამისთვის მხოლოდ ხმის მთვლელი აპარატი მოიტანეს, ხოლო ქვევით ყუთი, რაზეც უნდა დამონტაჟდეს, არ მოუტანიათ. მაგიდაზე დადეს ხმის მთვლელი. ექსპერიმენტის ჩატარება სასამართლომ ცესკოს თანამშრომელს დაავალა, რომელიც საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებზე იყო ხოლმე ინსტრუქტორი.

პირველი შეცურებისას მაინც შევძელი წრის დანახვა. ამის შემდეგ, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ და თავად ენახათ ექსპერიმენტის შედეგები. ამჯერად, ცესკოს თანამშრომელმა ბოლომდე მიაყოლა კონვერტი და რა თქმა უნდა, არ გამოჩნდა არჩევანი. თუმცა, ცესკოს საინფორმაციო ვიდეოში ასეთი ინსტრუქცია ამომრჩევლებისთვის არ ყოფილა და ვერც ამომრჩეველი შეძლებდა ასე კონვერტის მიყოლებას პირველივე ცდისას“, - წერს Facebook-ზე საიას იურისტი გიორგი აბულაძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ მოსამართლეს სთხოვეს, თავად მოეთავსებინა ბიულეტენი აპარატში. ექსპერიმენტი სხდომის თავმჯდომარემ დავით ახალბედაშვილმა ჩაატარა.

„ამჯერად, რა თქმა უნდა, შევძელით არჩევანის დანახვა. თავად მოსამართლეებმაც შეძლეს აღნიშნულის დანახვა.

ექსპერიმენტი სხდომის თავმჯდომარემ ჩააატარა, თუმცა საინტერესოა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობამდე სხდომის თავმჯდომარე [დიმიტრი] გვრიტიშვილს უთანხმებდა, მიეღო თუ არა მომაწილეობა და საერთოდაც, თავმჯდომარის ნაცვლად, გვრიტიშვილს მიყავს სხდომა.

მას შემდეგ რაც დავინახეთ და მოსამართლესაც მივუთითეთ, დაინახა თუ არა, სხდომის თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი იძახდა - „რა შუაშია, რა შუაშია“.

ბოლოს, როდესაც აღინიშნა, რომ მოსამართლეებმაც დაინახეს ბიულეტენის უკან აღნიშვნა, ამაზე გვრიტიშვილმა გაგვიცხადა - ექსპერიმენტი დასრულდა, როცა ცესკოს თანამშრომელმა მოათავსა ბიულეტენი. მერე რა დავინახეთ, არ აქვს მნიშვნელობაო“, - წერს გიორგი აბულაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი წარმოადგენს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. მოსამართლე ხუჭუამ, ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩაატარა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.