ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის წარდგენა, რომელიც გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს, ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხეს უქმნის და პარლამენტმა ბოლო მოსმენაზე მასზე უარი უნდა თქვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართველი პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ფორმალურად იცავენ კანონპროექტს, როგორც გამჭვირვალობის უზრუნველმყოფელს, მაგრამ ისინი არ მალავენ მის განზრახულ დანიშნულებას. დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიისთვის იარლიყის მიკვრით, რომ ისინი ემსახურებიან უცხოურ ინტერესებს, განზრახული აქვთ, ქვეყანაში ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კრიტიკული ხმები ჩაახშონ და მათი მარგინალიზება მოახდინონ.
უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებამ ის უნდა ჩააგდოს.
მათ ასევე სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ პოლიციის მხირდან ძალადობის ბრალდებები, დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები“, - ამბობს ჰიუ უილიამსონი, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი.
ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტის მხარდამჭერები ცრუდ ამტკიცებენ, რომ ის შეერთებული შტატების უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს მსგავსია.
„მაგრამ აშშ-ის კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების ნაწილობრივ ან მთლიანად მიღებას არ აიგივებს უცხოელი პრინციპალის ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ ყოფნასთან. ის, უპირველეს ყოვლისა, არეგულირებს ლობისტებს და არ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის დასუსტების მექანიზმს. რუსეთი ასევე იყენებს ამ ცრუ ეკვივალენტობის არგუმენტს თავისი დრაკონული და მოძალადე კანონმდებლობის გასამართლებლად.
2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც ქართული კანონპროექტის მსგავსია, არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის, რომლითაც გაერთიანების უფლებაა დაცული. სასამართლომ დაადგინა, რომ სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ან უცხოური წყაროებიდან, არ არის გამართლებული და რომ ასეთი შეზღუდვები ხელს უშლის მათ კანონიერი ფუნქციების შესრულებაში. ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.
საქართველოს მმართველმა პარტიამ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.