„საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს“, - აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“ (ISFED), 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების გენდერული შემადგენლობის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სადამკვირვებო ორგანიზაციის განცხადებით, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლების აქტივობა 80-დან 100%-დეა, ქალი ამომრჩევლების საშუალო აქტივობა 57%-მდე ფიქსირდება.
„გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოცემულ საარჩევნო უბნებზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება. ამგვარი არალოგიკური მონაცემები, მათი ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს მიერ მიწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოავლინა, რომ:
- 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლების მეტობითაა გამოხატული, 32 საარჩევნო უბანზე კი - ქალი ამომრჩევლების;
- მოცემული 275 უბნიდან, 67 საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე ქალებისას 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით სჭარბობს, 12 საარჩევნო უბანზე კი ამდენივე პროცენტული პუნქტით აღემატება არჩევნებში გამოცხადებული ქალების წილი კაცებისას;
- 23 საარჩევნო უბანზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რიცხვი ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება. მათ შორის, სულ მცირე 6 საარჩევნო უბანზე მისული კაცი ამომრჩევლების წილი 100%-ზე მაღალია იმ თეორიული დაშვებითაც კი, თუ მოცემულ უბნებზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი კაცი იყო.
„სამართლიანმა არჩევნების“ ინფორმაციით, მაგალითად, ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა 514 იყო, ხოლო სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რიცხვი - 8-ს შეადგენდა. ამ ფონზე არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობამ 599 შეადგინა. ყვარლის მე-12 უბანზე ხმის მისაცემად 140 კაცი მივიდა, მაშინ, როცა ერთიან სიაში 123 კაცი იყო რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 4-ს შეადგენდა.
ამასთან ერთად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა არაერთი „აუხსნელი შეუსაბამობა“ ცესკოდან მიღებულ მონაცემებში. კერძოდ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იყო 961 751 ქალი და 1 098 661 კაცი, სულ 2 060 412, ამომრჩეველი. საარჩევნო უბნების მიხედვით გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ოლქების უმეტეს ნაწილში არჩევნებში მონაწილე ქალი ამომრჩევლების რაოდენობა, კაცი ამომრჩევლების რაოდენობის უკუპროპორციულად, გაზრდილია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით.
„ამ მონაცემების შესაბამისად, გამოცხადებული ქალი ამომრჩევლების რაოდენობა 1 053 662 -ს, ხოლო კაცების 1 009 686-ს უტოლდება (სულ 2 063 348 ამომრჩეველი). საერთო ჯამში, ფიქსირდება არჩევნებზე მოსული ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით და კაცი ამომრჩევლების რიცხვის კლება 88 975-ით.
ზოგიერთ შემთხვევაში, კერძოდ 10 საარჩევნო ოლქში, შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მათ შორის,
მაქსიმალური აცდენა გამოვლინდა N22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, თუმცა ბოლოს მიღებული მონაცემებით ფიქსირდება 43 858 ამომრჩევლის გამოცხადება.
აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საარჩევნო უბნების მიხედვით დეტალიზებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობის პირველადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე აღარ იძებნება, იმავე ბმულზე კი ატვირთულია აქტივობის განახლებული მაჩვენებლები, რომელიც ოლქების მიხედვით ემთხვევა მოწოდებულ მონაცემებს, თუმცა 15 ოლქში კიდევ არის შეცვლილი მოსული ამომრჩევლების გენდერული შემადგენლობა“, - ISFED-ში აცხადებენ, რომ ეს ყოველივე აჩენს კითხვებს საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია ამომრჩეველთა სპეციალური სიების შესახებ. ორგანიზაცია განახლებულ და საბოლოო შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სადამკვირვებლო ორგანიზაციის ამ მიგნებებთან დაკავშირებით ჯერ განმარტება არ გაუკეთებია.