ჭიათურის სოფელ ითხვისის მცხოვრებლები, რომლებიც მე-8 თვეა უსახლკაროდ არიან დარჩენილები, 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, მუნიციპალიტეტის მერიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. დაზარალებულ მოსახლეობას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებმაც დასკვნაში დაწერეს, რომ ითხვისში მიწის ჩავარდნასთან და სახლების დანგრევასთან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ კავშირი არ აქვს; მიყენებული ზიანისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ზურა გოგატიშვილმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, თუ გამაფრთხილებელი აქციის შემდეგაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები, ითხვისელების პროტესტი უფრო გამწვავდება: „რის საფუძველზე დაწერა სახელმწიფო კომისიამ დასკვნაში, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირდება ითხვისში მიწის ჩაქცევა და სახლების დანგრევა? ჩვენ დაზუსტებით ვიცით, დოკუმენტებიც გვაქვს, რამდენიმე წლის წინ, როგორ სთავაზობდა კომპანია ითხვისში, ზუსტად ამ უბანში მცხოვრებლებს კომპენსაციის გადახდას სახლების დაზიანების გამო. ამიტომ, კომისიის წევრებმა ნათლად უნდა განმარტონ, როგორ მივიდნენ იმ დასკვნებამდე, რაც შეფასებაში აქვთ მოცემული და კითხვების დასმის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს. გვთავაზობენ საშუალოდ მაქსიმუმ 70 ლარის გადახდას. ეს არ არის იმ ზარალის ადეკვატური შეფასება, რაც ჩვენ მოგვადგა“.
სოფელ ითხვისში, გოგატიშვილებისა და მეგრელიშვილების უბანში მიწა მარტის ბოლოს ჩავარდა. გიორგი მეგრელიშვილის ორსართულიანი სახლი მთლიანად ჩაიტანა და დამარხა, 6 სახლი დაანგრია, 20-მდე სახლს მიწა გამოაცალა და ააყირავა. ნაკვეთები, სადაც მოსავალი მოჰყავდათ, ერთმანეთს მოწყდა და ჩავარდა. ყველგან ნაპრალია - სიღრმე 12-15 მეტრს აღემატება. ჭიათურის მერიამ თავდაპირველად ქირით 26 ოჯახი გაიყვანა და უმეტესად ქალაქში, კორპუსებში დააბინავა. ვისაც პირუტყვი ჰყავს და თავს ამით ირჩენენ, ითხვისში ყოველ დილით ბრუნდებიან, საქონელს უვლიან და გვიან საღამოს ისევ ჭიათურაში, ნაქირავებ ბინაში ჩადიან. მგზავრობაში 3 ლარის გადახდა უწევთ.
ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთა ნაწილიც „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებშია დასაქმებული, დარწმუნებულები არიან, რომ ჩაქცევა კომპანიის საქმიანობამ გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული გეოლოგიური დასკვნის მსგავსად, სახელმწიფო კომისიამაც თავის შეფასებაში დაწერა, რომ მიწის ჩაქცევა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განხორციელებულმა მიწისქვეშა სამთომოპოვებითმა სამუშაოებმა, გასულ თვეებში მოსულმა უხვმა ატმოსფერული ნალექებმა და რეგიონში ბოლო პერიოდებში გახშირებულმა მიწისძვრებმა გამოიწვია.
სახელმწიფო კომისიის დასკვნის თანახმად, ითხვისში, 86 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ექვემდებარება. დასკვნა 10 ოქტომბრითაა დათარიღებული. მოსახლეობის ნაწილი, რომელთა სახლებიც ბოლომდე არ არის დანგრეული, ამ დრომდე რისკის ზონაში ცხოვრობს.
ნოემბრის დასაწყისში ადგილობრივებმა წერილობით მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას და დასკვნაზე რეაგირება მოითხოვეს. ჭიათურის მერიისგან ქირით დროებით გაყვანის შეთავაზება მხოლოდ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა 35-მა ოჯახმა მიიღო. ჭიათურის მერიის წერილიდან გაურკვეველია, რამდენი ხნით უზრუნველყოფს მერია მოსახლეობის ქირის დაფარვას და რა ბედი ეწევა დარჩენილ 51 ოჯახს, რომელსაც ეს შეთავაზებაც არ მიუღია.