იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს, რომლებსაც პლენარულ სხდომაზე 9 მარტს გაიტანენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს კანონპროექტები არ არის მიმართული იმისკენ, რომ იყოს გამჭვირვალე მედია და სამოქალაქო საზოგადოება. საქმე სხვა რამეშია. საქმე ის არის, რომ ეს ხალხი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ეჭვმიტანილია, რომ მუშაობენ სხვა ქვეყნის ინტერესებზე და აქ არ არის გარჩევა, კარგია თუ ცუდია - ყველა არის ცუდი. ეს ტერმინი [აგენტი] ამას გულისხმობს. ისტორიული შანსი გვაქვს ახლა, შანსი რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა და მეშინია, რომ ეს პროცესი ამ შანსს გაგვაშვებინებს. ნუ მივდივართ ამ რისკებზე“, - განაცხადა „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი საქართველოს მტრად აცხადებს მის ორგანიზაციასაც, რომელმაც უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით დაცული ტერიტორიები შექმნა.

„საქართველოში როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საკმაოდ დაცულია. არცერთი ეს კანონპროექტი არ პასუხობს იმას, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია.

თურმე, რაც მიმუშავია, 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი იმიტომ, რომ მაშინ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით, ძალიან ბევრი დონორი გასულა ჩემს ხელში და ჩვენ შევქმენით დაცული ტერიტორიები, გარემოსდაცვითი სივრცე და ძალიან ბევრ რამეს ავაცილეთ საფრთხე.

პრობლემა იმაშია, რომ პირველი დარტყმა რუსეთის ფედერაციაში გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს და კანონპროექტები კარგად რომ წაიკითხოთ, პირდაპირ ჩანს შიგნით - თქვენ შეეცდებით, გაგვაჩუმოთ.

მე იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარ, რომლის თავმჯდომარე ამ პარლამენტის სპიკერი იყო. ჩვენ ვიყავით ის ორგანიზაცია, რომელმაც დანგრეულ საქართველოში გადაწყვიტა, რომ უნდა შექმნილიყო დაცული ტერიტორიები“, - თქვა ჩხობაძემ.

„საზოგადოებამ ამ ორი დღის მანძილზე იხილა, თურმე როგორ ეშინიათ გარკვეულ არასამთავრობოებს და სრულ ისტერიაში აგდებთ ის, რომ გაიგოს ხალხმა, საზოგადოებამ, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ საქმიანობას“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა სეფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით,  „კანონის დემონიზაცია“ ხდება და საზოგადოებისთვის უნდა განიმარტოს, რომ საუბარი არ არის იმ დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ევროკავშირს თუ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ.

„მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. არ შევდივარ დებატში - ვისი, რატომ, რისთვის, როგორ, მაგრამ ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთვის საინტერესოა, ის დაფინანსება და რესურები. მგონი საერთოდ არ არის სტიგმატიზებისკენ მიმართული, როდესაც ადამიანები ემსახურებიან ისეთ მიზნებს, რაც უკეთესს ხდის პირობებს, მათ შორის, შშმ პირებისთვის, უკეთესს ხდის ჩვენს სოფლის მეურნეობას, გარემოს და ა.შ. აქ სტიგმატიზება საერთოდ წარმოუდგენელია. ეს პრობლემა იმათთვისაა, ვისაც დასამალი აქვს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ, რომელმაც მას „ნახევრადკანონი“ უწოდა.

„რისთვის გვინდა ჩვენ გამჭვირვალობა? აი, გამჭვირვალედ გავიგეთ, რომ ფინანსდება იქიდან - აზიის, ევროპის თუ ამერიკის მხრიდან. მერე რა? გადაიხდის ჯარიმას, ყველაზე მეტს 25 ათასს, მიიღებს ერთ მილიონს დაფინანსებით და მეტი არაფერი. სად არის აქ სახელმწიფო ინტერესები? ეს გამჭვირვალობა, გასაგებია, ვნახეთ, მაგრამ ამან ხომ უნდა მიგვიყვანოს რაღაც შედეგამდე? რაღაც ზომებზე პრევენციისთვის, რომ მეტი არ მოხდეს? ეს არის ნახევრადკანონი, იმიტომ, რომ ამას გაგრძელება სჭირდება“.

„დღეს რატომ არის ასეთი საჭირო ეს გამჭვირვალობა, თუ არა 2024-ის მოახლოებული არჩევნები?“, - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების ავტორებს მიმართა.

ეს ხომ სხვა არაფერია თუ არა სურვილი, რომ 2024-ში გარანტირებულად იყოთ ისე, რომ არავინ გაგაკრიტიკოთ და ხმა ვერ ამოიღოს იმიტომ, რომ ყველა ჯაშუშებად იქნებიან გამოცხადებული. რატომ არა მაშინ ეროვნული უსაფრთხოების მოტივით? რატომ მალავთ? პირდაპირ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ მთავარია „ქართული ოცნების“ უსაფრთხოება“

- ოპოზიციონერმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონის მიღებას ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგებიან.

„ისინი არგუმენტად ამბობენ, რომ ეს კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის საკითხს ოკუპირებულ აფხაზეთში.

რით უხსნით აფხაზებს, რომ დამოუკიდებელი თბილისი იღებს იმ კანონს, რასაც ოკუპირებული აფხაზეთი უპირისპირდება?

ან რა პასუხს აძლევთ ქალბატონ ლია ჩლაჩიძეს, რომელიც ოკუპირებულ ერგნეთში, ზედ გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, რომელმაც თავისი დანგრეული სახლი სწორედ დასავლური გრანტებით გაარემონტა და იქ აქვს ოკუპაციის მუზეუმი? რას ეტყვით ძალიან ბევრ ორგანიზაციას... ქალბატონ იულია ხარაშვილს, რომელიც წლებია საოკუპაციო ხაზთან ეხმარება ქალებს, რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, რომლებიც ხშირად უყურადღებოდ არიან ხელისუფლების მხრიდან და მათ ეხმარებათ დასავლური გრანტები“, - განაცხადა აქუბარდიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გააჟღერეს, რომ კანონპროექტში ტერმინ „აგენტის“ ნაცვლად „უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი“ ჩაიწეროს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელმაც პარლამენტს მოუწოდა, აგენტების შესახებ კანონი არ მიიღოს.

„ის არ არის აუცილებელი. საკმარისი გამჭვირვალობაა, თუ როგორ გამოიყენება აქ უცხოური დახმარება.

ამ კანონმდებლობას ნამდვილად ექნება დამღუპველი გავლენა და გააჩერებს იმ ქართულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ გაჭირვებაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების დასახმარებლად ქვეყნის მასშტაბით.

ეს კანონმდებლობა არ არის საჭირო და მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ და უკან გაიხმეთ ეს კანონმდებლობა. ეს არ არის აუცილებელი და არ შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ და პირველი მოსმენით მიიღებენ, რის შემდეგაც ორივე კანონპროექტს სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან. დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება.

„ჩვენ გვინდა, რაღაცნაირად ეს კომპლექსი ყველამ ერთად მოვიცილოთ, რომ თუ გვეტყვიან ჩვენი პარტნიორები - მიუხედავად იმისა, რეალობაში რა ხდება - გავაკეთოთ ისე, როგორც ისინი იტყვიან. ეს არ არის სუვერენული ქვეყნის მიდგომა. ვენეციის კომისია არ არის ის უწყება, საწინააღმდეგო რომ თქვას, ჩვენ კანონის მიღება შევაჩეროთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტებს ვგზავნით იმისთვის, რომ იქიდან მივიღოთ დასკვნები, რეკომენდაციები, რომელთაგან ბევრი გაგვითვალისწინებია. ეს შიშის კომპლექსი მოვიხსნათ, ვენეციის კომისია რას იტყვის, რა თქვა ევროკავშირმა. რა არის ეს? ეს არის სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობა?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღეს, დილიდან, პარლამენტის შენობასთან, სადაც დეპუტატების დასაცავად ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული, საპროტესტო აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსული კანონპროექტების განხილვას და „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.