ამერიკელი ანალიტიკოსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყო 2012 წელს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს გვერდით აღარავინ დარჩა, ვინც ეტყვის, რომ თავში სულელური იდეები მოსდის. მიტჩელმა ეს კომენტარი აშშ-ის კონგრესში გააკეთა, სადაც ჰელსინკის კომისიის ორგანიზებით გაიმართა მოსმენა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ყირგიზეთსა და უნგრეთში რუსული სტილის „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონების გავრცელებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„კითხვა, რომელსაც მისვამენ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, არის რატომ და რატომ ახლა. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს მოსკოვიდან მოდის, ვიღაც კრემლში იღებს ტელეფონს და ურეკავს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს უპირველესი ლიდერია, და ამბობს: ჩვენ გვინდა, რომ ეს გაკეთდეს. ვფიქრობ, მარტივი ახსნაა, იმის თქმა, რომ რუსეთს სურდა, მათ ეს გაეკეთებინათ, რაც უდაოდ შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით“, - აღნიშნა მიტჩელმა. მისი თქმით, არსებითად უმნიშნვნელოა, ივანიშვილმა კანონი რუსეთიდან დავალების შესაბამისად მიიღო თუ არა, რადგან საბოლოო შედეგით რუსეთი ხეირობს.
„ის, თუ რამდენად ახირებულად მოქმედებს საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არავითარი ფორმალური როლი არ აქვს საქართველოს მთავრობაში, ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული აქ, შეერთებულ შტატებში და დასავლეთში. ეს არის რასაც ბიძინა აკეთებს: თავში მოსდის იდეა, მას წარადგენს და გარემოცულია ხალხით, რომელთა უმთავრესი ამოცანა ცხოვრებაში მასთან ახლოს დარჩენაა, რათა ახლოს იყვნენ ძალაუფლებასთან და ფულთან, რომელიც მისგან მოდის საქართველოში. შესაბამისად, არავინ ამბობს: „ჰეი, ეს საკმაოდ სულელური იდეაა,“ მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად საკმაოდ სულელური იდეაა. ასე რომ, ის შეუჩერებლად მოქმედებს“, - აღნიშნა მიტჩელმა.
მისი თქმით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი კარგია რუსეთისთვის და ცუდია საქართველოსთვის, მისი დემოკრატიული ტრაექტორიისთვის და დასავლური მისწრაფებებისთვის.
ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის სანქციების დაწესების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ გავლენიანი პირებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას გავლენის მოხდენა შეუძლია: „ის [ივანიშვილი] საკუთარ თავს უკვე სანქცირებულად აღიქვამს. ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია ამ კანონპროექტის უკან. ვფიქრობ, სანქციებს გავლენა ექნება, არ მგონია, რომ სანქცირებული ხალხი ამით ბედნიერი იყოს. კარგია, როცა გაქვს სიტუაცია, როცა მთავრობას აიძულებ, გააკეთოს სწორი საქმე, მაგალითად, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და არ მოიპაროს. სანქციები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი“.
ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელდა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონები, რომლებსაც, მართალია, უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საბაბით ამართლებენ, მაგრამ, სინამდვილეში, მათი გამოყენება ხდება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისა და შეზღუდვისთვის. კომისიის განცხადებით, ამ ქვეყნების მთავრობები ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს ეს კანონები ჰგავს გამჭვირვალობის ან ლობირების შესახებ კანონებს შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც შეიქმნა ფარული უცხოური გავლენის მეტი გამჭვირვალობისთვის, პროპაგანდისა და მავნე უცხოური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად. ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი - ჰელსინკის კომისიის შეფასებით, ავტორიტარული ინსტრუმენტი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს დაამტკიცა.