სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (კაგებე) განცხადებით, ივლისში, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 33 კანონდამრღვევი დააკავეს. 12 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, 3 „რესპუბლიკიდან“ საჯარიმო სანქციის გარეშე გააძევეს, 10 სამართალდამრღვევი გააფრთხილეს, დანარჩენი 8-ის მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სულ ბოლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს. 23 წლის იანეზი 27 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანის მიდიამოებში, „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ იყო დაკავებული.
17 აგვისტოს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს 35 წლის ლევან მაჩაბელი, რომელიც რუსმა სამხედროებმა სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ, 26 მარტს უკანონოდ დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებდა, რომ ლევან მაჩაბელი 2005 წლიდან 2009 წლამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე: „უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ლევან მაჩაბელი ცდილობდა შეერთებოდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“ და როგორც მოხალისე, მონაწილეობა მიეღო საომარ მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონბასში. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო უარი ეთქვა ამაზე, მაჩაბელმა გადაწყვიტა უკანონოდ შესულიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და პროვოკაცია მოეწყო რესპუბლიკაში განთავსებულ რუსული სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ“. მაჩაბელს ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ 6 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ციხეში მან 5 თვე გაატარა.
5 აგვისტოს გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი. ორივე მათგანი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს.
ცხინვალის ციხეში დღემდე პატიმრობაში იმყოფება კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გადაადგილება, თითქმის სამი წლის განმავლობაში შეზღუდული იყო. 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რაიონების ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის ე.წ. „რაზდახანის“ (ოძისი) და „პერეუს“ (პერევი) გამშვები პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა. ე.წ. გადასასვლელები ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე, დილიდან საღამომდე იმუშავებს (ადგილობრივი დროით 9-დან 7-მდე).
ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, ვალერი ალიხანტის მონაცემებით, 20-22 აგვისტოს, მხოლოდ ორ დღეში, ე.წ. საზღვარი ორივე მხრიდან დაახლოებით 500-მა ადამიანმა გადაკვეთა. აქედან 411-მა ე.წ. „რაზდახანის“ გადასასვლელით ისარგებლა. 267 ადამიანი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, 241 კი ოკუპირებულ რეგიონში შევიდა.
„ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში მიდის. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საშვის გარეშე ადრე გადავიდნენ, უკან ვეღარ ბრუნდებიან. აუცილებელია მექანიზმის შემუშავება მათი სახლში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ალიხანტიმ.