„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მაღაროების მუშაობა გააჩერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დარო სულაკაურის ფოტო

ჭიათურაში მანგანუმის მადნის მაღაროები 1-ელი თებერვლიდან აღარ ფუნქციონირებს. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროების გაჩერების მიზეზს არ განმარტავს. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების მონაცემებით, გაურკვეველი დროით სამსახურის გარეშე დარჩა 3800-მდე ადამიანი, რომლებსაც კომპანია დაჰპირდა, რომ მუშაობის განახლებამდე თითოეულ მათგანს ხელფასის 60%-ს შეუნარჩუნებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა თეიმურაზ სურამელაშვილმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, იანვრის მეორე ნახევარში „ჯორჯიან მანგანეზისგან“ წერილი მიიღეს, სადაც მაღაროების დროებით დახურვის მიზეზად უკრაინაში მიმდინარე ომს და ბაზარზე მანგანუმის ფასის შემცირებას ასახელებდნენ.

„მუშაობა შეჩერებულია 15-მდე მაღაროსა და დამხმარე საწარმოებში. უსამსახუროდ დარჩნენ არამხოლოდ მაღაროელები, არამედ ექთნები და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირებიც. გაჩერების ძირითადი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომია. კონკრეტულად ის, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში პროდუქცია დემპინგური ფასებით შედიოდა და ზედმეტად 24%-იანი გადასახადი დაადო. ფაქტობრივად, ძალიან დიდ გადასახადებთან იყო ეს დაკავშირებული, როგორც დამსაქმებლისგან გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ, ჯერ-ჯერობით მაღაროების მუშაობა შეჩერებულია. შეიძლება სამ თვეში აღდგეს, შესაძლოა, ექვსში. პროგნოზს თავად დამსაქმებელიც ვერ აკეთებს. ფაქტობრივად, დამოკიდებული არიან ომზე და ომთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ფაქტია, რომ ძირითადად, რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულები. ფასის სტიმულირებაში რუსეთს ლომის წილი უდევს. როგორც ვიცი, დამსაქმებელს ახლა ამერიკულ კომპანიებთან აქვს მოლაპარაკებები“, - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი თეიმურაზ სურამელაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, ფორსმაჟორულ ვითარებაში „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულებს ხელფასის 60% უნდა აუნაზღაუროს. ამასთან, მაღაროელებს უნარჩუნდებათ სამედიცინო დაზღვევა. „ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბანკო სესხების სულ მცირე პროცენტის გადახდის გაჩერებაზე. ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მაგრამ რამდენიმე ბანკისგან პოზიტიური სიგნალია“, - აღნიშნავს სურამელაშვილი.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროების მუშაობა 2016 წლის იანვარშიც გააჩერა, ოთხი თვით. მაშინ ეს გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორმა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მოპოვებული მადნის ჭარბი მარაგებითა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციური პროცესებით ახსნა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ 100%-იან წილს ლუქსემბურგის საგრაფოში რეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან ემერიქან ელოიზი“ ფლობს. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკია, თუმცა 2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი მართავს.

ჩიქოვანი 2003-2007 წლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელმძღვანელობდა. ის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის, მეტსახელად „რიჟას“ მეგობარია. კაპანაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ გავლენიანი აქციონერია. სპეციალურ მმართველს, კომპანიის ხარჯებით, ჭიათურაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგვარებინა ეკოლოგიური პრობლემები - აღარ უნდა დაბინძურებულიყო ნიადაგი, ჰაერი, მდინარე ყვირილა, უნდა მომხდარიყო ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებისას გადათხრილი ტერიტორიების რეკულტივაცია და სხვა. სამინისტროს მოთხოვნით, სპეციალურ მმართველს სასამართლომ უფლებამოსილება კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივა. პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია, ღია კარიეული წესით მოპოვება კი გაიზარდა, ჭიათურის სოფლები გადათხრილია, ტყე განადგურებული, ჰაერი დაბინძურებული.

ასოციაცია „მომავლის ჭიათურის“ დამფუძნებელი ნოდარ ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კომპანიის გადაცემა რუსებისთვის სურთ.

„მანგანუმი სამხედრო ტექნიკაში, შეიარაღებაში გამოიყენება და ასეთი კონფლიქტის დროს დასავლეთს, ამერიკას და ევროპას, რომ აღარ სჭირდება, ეჭვი გვეპარება. პირიქით, მოთხოვნა უნდა გაზრდილიყო. ბოლო წლებში ფასი სულ იზრდებოდა და ახლა კომპანია ამბობს, რომ ფეროშენადნობებზე ფასი შემცირდა და ბაზარზე ნაკლები მოთხოვნაა.

სამ თვეში უფლებამოსილების მეორე ვადა გასდის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს და არსებობს სერიოზული ეჭვები იმაზე, რომ უნდათ ინვესტორი კომპანია მთლიანად ჩაძირონ და რუსი ინვესტორი შემოიყვანონ.

მაღაროელებს შორის არის შიდა მოძრაობები, თუმცა არ ვიცი, რამდენად აქტიურ პროტესტს აპირებენ იმის გამო, რომ ხელფასის 60%-ის დაკარგვისაც ეშინიათ. პირველი შემთხვევაა ჭიათურის ისტორიაში, როცა ყველა მაღარო დაიხურა“, - უთხრა ნოდარ ჩაჩანიძემ „საქართველოს ამბებს“.

ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის საგარეო ვაჭრობის (წინასწარი) სტატისტკის მიხედვით, გასულ წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3%-ია. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 903.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 459.8 მლნ. აშშ დოლარით (8.2%). საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს რუსეთში 57 423.8 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, ხოლო 2021 წელს 104 975.0 ტონა იყო ექსპორტირებული. 2021 წელს ფეროშენადნობების ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 11.3%-ს შეადგენდა და ამ მონაცემებით საექსპორტო ათეულში მეორე ადგილზე იყო. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი თურქეთში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).