„რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ხო ადამიანს - გაძარცვეს. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გაძარცვეს და რატომ უნდა ვენდო?! ვერ წარმომიდგენია. არა, რა თქმა უნდა, არ ვენდობი“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ აღარ ინახავს მილიონებს ევროპულ ბანკებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დე ფაქტო სანქცირებულია [ბიძინა ივანიშვილი]. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ხომ გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - დასძინა კალაძემ.
ჯერ კიდევ 2021-2022 წლებში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იტალიურ Intesa Sanpaolo-ში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საბანკო ჯგუფია, 4 200 000 აშშ დოლარს ინახავდა. გარდა ამისა, 2021 წელს მას 3 672 375 ევრო და 765 000 აშშ დოლარი ჰქონდა განთავსებული შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ში.
ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ივნისში კახა კალაძემ 870 000 აშშ დოლარი ფიზიკურ პირზე გაასესხა. ამ დროს მას უკვე აღარ ჰქონდა შვეიცარიული ბანკის ანგარიში. 2024 წელს შევსებული დეკლარაციაში კალაძეს აღარც იტალიური ბანკის ანგარიში უფიქსირდება. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2023 წლის ივნისში მან 4 200 000 აშშ დოლარი იურიდიულ პირს (სახელწოდება არაა მითითებული) ასესხა.
2024 წლის დასაწყისისთვის კალაძე თანხებს მხოლოდ ქართულ ბანკებში - „თიბისი ბანკში“, „საქართველოს ბანკსა“ და „ქართუში“ ინახავდა.
ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს სანქციების შიში აქვთ, რის გამოც ქონების გადამალვას ცდილობენ. „გადასული არიან იმაზე, რომ ბანკებიდან ფული გაიტანონ, სახლში „ქეშად“ დაალაგონ, რათა ამერიკამ არ დაუსანქციროს. სანქცირების შემთხვევაში, კალაძე ერთ თეთრს ვერ გამოიტანს თავისი ანგარიშებიდან“, - თქვა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ბესიკ დონაძემ.
მმართველი პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული არ არის, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, „ქართული ოცნების“ წევრები და ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა. ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი დავა აქვს ახლა უკვე გაკოტრებულ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან.
20 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმის“ წყაროს ცნობით, სანქციების პაკეტი შესაძლოა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებსაც მოიცავდეს.
მანამდე, 16 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც. აშშ-მა ოთხვე პირი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, მათ შორის არიან მთავრობის და მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელმძღვანელები და პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.