„კანონის სტიგმატიზება ხდება“ – რუსულ კანონზე კლიპების გამო „მთავარი არხი“ დაჯარიმდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა რუსული კანონის შესახებ ვიდეორგოლების ეთერში განთავსების გამო. კომისიამ ვიდეორგოლები პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა და მიიჩნია, რომ მათი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი პარტიის, ანუ „ქართული ოცნების“ არჩევის ხელშეშლა იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ერთ-ერთ ვიდეორგოლში, რომლის ეთერიდან მოხსნაც მარეგულირებელმა ორგანომ მოითხოვა, ნიაზ დიასამიძის სიმღერის ფონზე ნაჩვენები იყო საპროტესტო აქციებზე გადაღებული კადრები, ბოლოს კი ჩნდებოდა წარწერა „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. მეორე ვიდეორგოლი სათემო რადიო „მარნეულის“ საქმიანობას ეხებოდა. „რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა, რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა, რა საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს რუსული კანონის ამოქმედებით“, - ისმოდა ვიდეორგოლში.

იმის გამო, რომ კომისიამ აღნიშნული ვიდეორგოლები პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, ხოლო მაუწყებლებს არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკური რეკლამის გაშვება აკრძალული აქვთ, „მთავარ არხს“ ჯარიმა დაეკისრა და ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაევალა.

„პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ „რუსულ“ კანონად. აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მთავარი არხი“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასამართლოში გაასაჩივრებს. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ვიდეორგოლები განთავსებული იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სახით და ნახსენები არ იყო არცერთი პოლიტიკური პარტია.

„თქვენ შედიხართ შინაარსში. სოციალური კლიპი ნეგატიურად შეაფასეთ იმის გამო, რომ რუსული კანონი იყო მოხსენიებული და გადაწყვიტეთ, რომ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, მისი არჩევისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად, მაშინ, როცა თავად ეს პარტია არ ფიქრობს, რომ ეს კანონი მათი ხელშემშლელია - პირიქით, არჩევნების წინ მიიღეს ის“, - განაცხადა მურადაშვილმა.

კომუნიკაციების კომისიის იურისტმა ირაკლი ბუთბაიამ თამთა მურადაშვილს განუმარტა, რა იყო „ნეგატიური“ სადავო ვიდეორგოლებში: „კომისიის აპარატის შეფასებაში არ არის საუბარი იმაზე, ეს კანონი ნეგატიურ გავლენას მოახდენს, თუ პოზიტიურს. აქ საუბარია იმაზე, რომ თქვენს არხზე გასულ კლიპებში ის ნეგატიურად არის წარმოჩენილი, მისი ეფექტი. ერთ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი იქნება დამაზიანებელი და დიდ ზიანს მოიტანს. ამ შემთხვევაშიც და მეორე კლიპის შემთხვევაშიც, ამ კანონის სტიგმატიზება ხდება, ანუ მისი მოხსენიება როგორც „რუსული კანონი“, მაშინ, როცა ის კანონი არ არის... მას ოფიციალურად ასე არ ჰქვია“.

კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“(GDI) წარმომადგენლებმაც. ედუარდ მარიკაშვილისა და ვასილ ჟიჟილაშვილის შეფასებით, რუსული კანონის ხსენების გამო მედიებისთვის ცენზურის დაწესება ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მათი თქმით, მთავარი გზავნილია, მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„ჩვენი აზრით, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მინიშნება იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასა და რუსული კანონის ირგვლივ არსებული კრიტიკის ჩახშობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი იქნება“, - აღნიშნავენ GDI-ის წარმომადგენლები.

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ივლისშიც დაასანქცირა. მაშინ, მარეგულირებელმა ორგანომ პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.