კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდამრღვევად ცნო რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლების ეთერში განთავსების გამო, ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა და მას ვიდეორგოლების დაუყოვნებლივ მოხსნა მოსთხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„იცნობდეთ რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატებს“ - ამ სათაურით ვიდეორგოლები „მთავარი არხის“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გადიოდა. ნაჩვენები იყო რუსული კანონის მხარდამჭერი 84 დეპუტატი, რაც კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და არასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსების გამო, „მთავარი არხი“ დაასანქცირა.
„კომისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს.
კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.
პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია.
გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გაასაჩივრებენ. „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილი დასანქცირებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
„დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ აუცილებლად წავალთ სასამართლოში. ამ საინფორმაციო მასალაში არ არის არანაირი შეფასება, უბრალოდ იყო ფაქტის ამსახველი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა, რომ ის არის პოლიტიკური რეკლამა. გარდა იმისა, რომ კომისიამ არასწორი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო, მან ასევე დაარღვია კანონი, რადგან დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, არ მოგვცა უფლება, რომ წარგვედგინა ან წერილობითი პოზიცია, ან მიგვეღო მონაწილეობა.
ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც კი დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია და პრაქტიკულად უკვე დაწყებულია, კომისია იქნება განსაკუთრებულად ყურადღებით კრიტიკული მედიების მიმართ, აუცილებლად მიიღებენ უფრო მძიმე ზომებს მედიის წინააღმდეგ“, - ამბობს მურადაშვილი.
„მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორისა და პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კომუნიკაციების კომისია ცენზორი და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ორგანოა, რომლითაც ის მედიას სჯის. გვარამიას შეგასებით, კომისიის გადაწყვეტილება სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვაა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 დეპუტატის მხარდაჭერით საბოლოოდ დაამტკიცა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, რითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერდა.