მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გადაწყვეტილებას.
პაპუაშვილის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა შეწყალების მოტივი არ დაასახელა.
„რა თქმა უნდა, მოტივი ვერ იქნებოდა ის, რომ განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული. რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი. წარსულ შეწყალებებს არანაირი დეპოლარიზაცია არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების ვერცერთი მოტივი ვერ დაასახელა. რეალური მოტივების დასახელება მძიმე იქნება“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მის რეპუტაციაზე და მასთან მიმართებაში საზოგადოების დამოკიდებულებაზე აისახება.
„იურიდიულად - როდესაც ხდება სასჯელის აღსრულების შეფერხება, სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის უგულებელყოფა, ამით ხდება კანონის უზენაესობის და სამართლებრივი სახელმწიფოს გაგებისთვის ძირის გამოთხრა. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის კანონის უზენაესობა და განცდას, რომ პირი თუ დააშავებს და ჩაიდენს დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს ამ ქმედებისთვის. ობიექტური პროფესიული საზოგადოება ამას შეაფასებს, როგორც კანონის აღსრულებისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისს შეიწყალა. როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ამით ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა. „არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გვარამიას შეწყალებას მიესალმა. ის მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია.
ნიკა გვარამია პატიმრობაში 2022 წლის 16 მაისიდან იმყოფებოდა. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე.
ამ თემაზე:
სალომე ზურაბიშვილმა ეს საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა - გვარამია პრეზიდენტს ბოდიშს უხდის