საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმება იგეგმება. ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტის 79-მა წევრმა დღეს მეორე მოსმენაზე დაუჭირა მხარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მმართველი პარტიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მაისის ბოლოს წარმოადგინა და პირველი მოსმენითაც მალევე მიიღო, თუმცა თავდაპირველი ვერსია მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას არ გულისხმობდა და ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას, ასევე, მარეგულირებელი ორგანოსთვის - კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სამეურვეო საბჭოს წევრობის ორი კანდიდატის წარდგენის უფლების მინიჭებას.
მეორე კენჭისყრამდე „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი შეცვალა. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წევრობის კანდიდატებს აღარ წარადგენს. სამაგიეროდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 1-ის ნაცვლად 3 კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება. გაუქმდება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო და სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს. სამეურვეო საბჭო თანამდებობაზე სამი წლის ვადით დანიშნავს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, თანხმობას მისცემს მას ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს აღემატება, ასევე, განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურებას. გარდა ამისა, სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით მიიღებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტს, აგრეთვე, ბიუჯეტში ცვლილებებს და დაამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.
„თავისი არსით ეს არის ახალი კანონპროექტი, პრინციპების დონეზე განხორციელდა ცვლილებები. მისი მიღება პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა და უკანონო გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არსებულ დამოუკიდებლობასაც საფრთხე შეექმნება.
„იმდენი სიახლე შევიდა კანონპროექტი, რომ ვერც კი გავიაზრეთ. თქვენ აუქმებთ იმ თუნდაც ფორმალურ დამოუკიდებლობას, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს და რეალურად, ცენტრალური მმართველობის ქვეშ აგყავთ. ის გამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის განყოფილება, რომელსაც ისევე მართავთ, როგორც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმართება. ეს ახალი კანონია და უნდა შეჩერდეს მისი განხილვა“, - ამბობდა პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე.
„ევროოპტიმისტების“ კიდევ ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტის ახალი ვერსია კოლეგებს მხოლოდ გუშინ გაუზიარეს. დეკანოიძემ დოკუმენტის საკომიტეტო განხილვებზე დაბრუნება მოითხოვა.
„მე ნამდვილად ვერ მოვასწარი ყველა დეტალის გავლა, დიდია და ბევრი რამ შეიცვალა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის საკომიტეტო მოსმენაზე დაბრუნება და განხილვა. პრაქტიკულად 2/3 არის შეცვლილი. ამიტომ წინადადება შემომაქვს, რომ განხილვაში დაბრუნდეს ეს კანონპროექტი და ასე საჩქაროდ არ იყოს კენჭისყრა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, რატი იონათამიშვილის თქმით, თავდაპირველ რედაქციაში მხოლოდ ორი საკითხი შეიცვალა: პირველი - კომუნიკაციების კომისია აღარ არის იმ სუბიექტებს შორის, რომელთაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ და მეორე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო „ერთიანდება“.
„თავის დროზე ფაქტობრივად აღიარებულიც იქნა, რომ მრჩეველთა საბჭო ინსტიტუციურად არ იყო სწორი ფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ მრჩეველთა საბჭოს მონაწილეობის ხვედრითი წილი აჭარის მაუწყებლობის ადვოკატირებასა და ლობირებაში არ ყოფილა, მაშინ, როცა სამეურვეო საბჭოში ეს ყოველთვის აქტიური იყო იმ ერთი წარმომადგენლისგან, რომელსაც აჭარას ჰყავდა. ახლა, ამ ცვლილების შედეგად, სამეურვეო საბჭოში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება, ანუ - 3 ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობას, 3 - ოპოზიციას და 3 ეყოლება უკვე აჭარის უმაღლეს საბჭოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობის და გაძლიერების თვალსაზრისით დამატებით გარანტიებს ქმნის.
მეორე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა მისცეს თამარ კორძაიამ, ხატია დეკანოიძემ, რომან გოცირიძემ და არმაზ ახვლედიანმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მისაღებად მესამე და საბოლოო მოსმენა რჩება.