„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მიხეილ ყაველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. 7 წლის ვადით ამ თანამდებობას დაიკავებენ:
- ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი;
- ვახტანგ ბურკიაშვილი - ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი;
- ნინო ჯელაძე - ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
- ლევან ძნელაძე - ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დასრულდება საბოტაჟი და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.
„წელიწადნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას და ეროვნულ ბანკს უწევდა ცხრიდან ხუთი წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნების და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შევძელით საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, - თქვა პაპუაშვილმა.
ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური თანამდებობები 2023 წელს გაჩნდა, როდესაც სექტემბერში საბჭო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვეს, ხოლო დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა რიჩარდ სინგლეტარს.
სამი წევრის მიერ საბჭოს დატოვება მოჰყვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებას სანქციების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ. აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და კომერციულ ბანკებს აღარ ავალდებულებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეზე, „თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.
2024 წელს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხის განხილვაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ზურაბიშვილს ოთხივე კანდიდატი არ ჰყავდა წარდგენილი.
დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში არიან: ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, თეიმურაზ ხომერიკი, ნანა ყეინიშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ვახტანგ ბურკიაშვილი და ლევან ძნელაძე.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)