ევროპის საბჭო „ოცნებას“ მოუწოდებს, რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების გამო წუხილს გამოთქვამს და საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი თბილისში მიმდინარე აქციების დარბევასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ იმის გამო, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებისა, რომ გაეწვიათ ის. ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და განიხილონ მისი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის.

გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები.

იმედი მაქვს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დამახასიათებელია ბოლო წლებში ჩვენს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების გამომწვევი რუსული კანონი პირველ მაისს, 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რა დროსაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას და რუსულ კანონზე უარის თქმას არ აპირებს.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ კრემლით შთაგონებული კანონი ძირს „ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“ და გავლენა ექნება საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ელჩმა რობინ დანიგანმა კი აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე.

„ქართული ოცნება“ ეცდება, რუსული კანონი მესამე მოსმენით 13 მაისის სასესიო კვირაში მიიღოს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა მმართველ პარტიას მისი დაძლევა მარტივად შეუძლია.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ვენეციის კომისიას საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.