კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები პროტესტის ნიშნად ტოვებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლევან ბერძენიშვილი, ზვიად ქორიძე, ნინო რობაქიძე, მამუკა ანდღულაძე, დავით ქაშიაშვილი, ნიკო ნერგაძე, სალომე უგულავა, ნინო მითაიშვილი, რუსიკო კობახიძე, დავით ჭუმბურიძე, ლიკა მერაბიშვილი და სხვები კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროტესტის ნიშნად წყვეტენ. კავკასიის უნივერსიტეტი, 37 სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე აქციებს გაემიჯნა. მეტიც, კანონისა და შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს ის ლექტორები, ვინც სტუდენტების მასობრივ გაფიცვას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რექტორთა კონფერენციის განცხადება 14 მაისს, სტუდენტთა გაფიცვის ფონზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იოსებ ბერიკაშვილი ამბობს, რომ შუა სემესტრში მისი გაშვება რეორგანიზაციის საბაბით მოხდა, რეალური მიზეზი კი  „ბიძინა ივანიშვილის გინება“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ზეწოლა იყო. უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უარყოფს პოლიტიკური ნიშნით დეკანის გათავისუფლებას.

ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც კავკასიის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ათ წელზე მეტია მედია სკოლაში სტუდენტებს ასწავლის, თუმცა ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი, ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი“, - დაწერა ნიკო ნერგაძემ სოციალურ ქსელში.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია. შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“, - განაცხადა ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა.

ზვიად ქორიძე

16 წელი ვიყავი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ეს უნივერსიტეტი.

როდესაც სტუდენტები იფიცებიან მაღალდემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, ეს პროტესტი არის სამართლიანი. მით უმეტეს, თუკი ამ ღირებულებებს ანადგურებს მთავრობა.

ასეთი პროტესტი არათუ აზიანებს სასწავლო პროცესს, იგი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და აძლიერებს სტუდენტობის სამოქალაქო პათოსს.

სტუდენტთა პროტესტი განაპირობა მთავრობის თავგასულობამ.

სტუდენტები ყველაზე უკეთ ხვდებიან, რომ „უცხოელ აგენტთა კანონი“ მათ შეუზღუდავს თავისუფალი განვითარებისა და პროფესიული ზრდის პერსპექტივას.  სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება 38 უნივერსიტეტის რექტორი.

დღეს გაფიცული სტუდენტების წინაშე ჩემს ვალდებულებებს  სემესტრის ბოლომდე აუცილებლად შევასრულებ. მანამდე კი მათთან ერთად ვიბრძოლებ და მჯერა, რომ  წარმატებით მოვუღებთ ბოლოს რუსულ კანონს“, - დაწერა ზვიად ქორიძემ.

„უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს. ამ სიტუაციაში, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას“, - ამბობს ნინო რობაქიძე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან თანამშრომლობდა.

„მეც ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჟურნალისტმა დავით ჭუმბურიძემ.

უნივერსიტეტი დატოვეს მედიას სკოლის სხვა ლექტორებმაც - ლევან მოსიაშვილმა, სალომე უგულავამ და დავით ქაშიაშვილმა.

„კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლიდი  საქართველოს ისტორიას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, თუმცა ახლა ეს რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები. ეს ჩემთვისაც ბოლო სემესტრია“, - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილიც კავკასიის უნივერსიტეტიდან წასულ ლექტორებს შორისაა.

მამუკა ანდღულაძე

მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრი მისთვისაც ბოლოა: „მაშინ, როცა მთელი ქვეყანა, საამაყო, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებთან ერთად, რუსულ კანონს აპროტესტებს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. ამ ვითარებაში აღარ შემიძლია დავრჩე ამ უნივერსიტეტის ლექტორად, რაოდენ რთულიც არ იყოს სტუდენტებთან განშორება. შესაბამისად, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას“.

კახა შენგელია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ლექტორების ამ განცხადებებს არ გამოხმაურებია. მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნინო ჟიჟილაშვილმა კი განმარტა, რომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე კავკასიის უნივერსიტეტის ხელმოწერა მმართველთა საბჭოს დასტურის გარეშე აღმოჩნდა. ჟიჟილაშვილის თქმით, მმართველმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა ხელმოწერის უკან გამოხმობა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა დღესაც 38-ია და მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტიც არის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).