კენიის მთავრობამ კილიფის ოლქიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწყობილ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, ბაობაბების ექპორტის ნებართვა ხელახლა გასცა. კენიის სატყეო სამსახურმა კონტრაქტორს, საქართველოს მოქალაქე გიორგი გვასალიას რვა ბაობაბის ხის ექსპორტის უფლება მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ადგილობრივი მედიის, Nation.Africa-ს ინფორმაციით, სატყეო სამსახურმა გადაწყვეტილება 30 იანვრს მიიღო, რასაც საფუძვლად ედო 18 იანვარს გარემოს დაცვისა და ტყის მინისტრის, სოიპან ტუიას მიერ გაცემული ინსტრუქცია.
გასული წლის ნოემბერში, გარემოსდამცველების პროტესტის შემდეგ, კენიის მთავრობამ კილიფის ოლქიდან ბაობაბების ამოძირკვასა და საქართველოში ექსპორტზე გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. მინისტრმა სოიპან ტუიამ, 21 ნოემბერს, ნაირობიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კერძო კომპანიამ ბაობაბების ამოძირკვის ნებართვის მისაღებად გარემოს მართვის ეროვნულ სამსახურს 28 ოქტომბერს მიმართა, თუმცა, ნებართვის დამტკიცების მოლოდინშივე დაიწყო ხეების ამოძირკვა, რაც რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა.
გვასალიას კომპანია ბაობაბის კონკრეტულ სახეობას (Adansonia digitata) კილიფის ოლქში მდებარე თეზოს ტერიტორიიდან თხრიდა. Nation.Africa-მ გაარკვია, რომ გარემოს მართვის ეროვნულმა სამსახურმა პროკურატურას მიმართა და სასამართლოში გიორგი გვასალიას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა ითხოვა. ამ საქმეზე მოპასუხე იყო კიდევ ორი პირი, რომლებსაც ბრალად ბაობაბის ხეების უკანონოდ ამოძირკვა ედებოდათ. გარემოსდაცვითმა ორგანომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ბრალდებულების გამართლების და საქმის უკან გამოთხოვის შესახებ მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც მათ მოიპოვეს საჭირო ნებართვები, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, კენიის სატყეო სამსახურისა და ქვეყნის მთავრობისგან.
კენიის სატყეო სამსახურის განმარტებით, მათ მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხის“ მიხედვით, ბაობაბი გადაშენების პირას მყოფი ხის სახეობა არაა. გარდა ამისა, ბაობაბი არ არის დაცული ხის სახეობა კენიაში და არ შედის „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) არსებულ კონვენციაში.
„სუბიექტს უფლებამოსილება ენიჭება კანონით დადგენილი საფასურის გადახდის პირობით. ეს ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ რვა ბაობაბის ხეზე“, - განაცხადა სატყეო სამსახურის ხელმძღვანელმა.
დამუშავებული და სპეციალურ პირობებში შენახული ბაობაბის ხეების ტრანსპორტირების პერიოდი 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე განისაზღვრა. გარემოს მართვის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ ბაობაბები საქართველოში კონსერვაციული პროგრამებისა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადაირგვება.
ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტზე გასული წლის ოქტომბერში წერდა. სტატიის მიხედვით , ადგილობრივმა და უცხოელმა კონტრაქტორებმა, გიორგი გვასალიას ხელმძღვანელობით, კალიფის ოლქში ბაობაბების ძებნა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. „იდეალური“ ხეების მოსაძიებლად ტერიტორიებს დრონების გამოყენებით ათვალიერებდნენ და მზად იყვნენ შესაფერისი ხის სანაცვლოდ 100 ათასიდან 300 ათასამდე კენიური შილინგი (800-დან 2500-მდე აშშ დოლარი) გადაეხადათ.
ბაობაბი ხის უნიკალური სახეობაა, რომელსაც შეუძლია ათასობით წელი იცოცხლოს. ის კენიის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია და 2010 წლიდან კონსტიტუცია იცავს.
კილიფიდან ბაობაბების ამოძირკვისა და საქართველოში გადატანის წინააღმდეგ გარემოსდამცველები გამოვიდნენ და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, გიგანტური ბაობაბების დიდი ნაწილი კლიმატის ცვლილების შედეგად იღუპება, თუმცა ახლა ისინი ახალი საფრთხის წინაშე დგანან, რასაც „ბიომეკობრეობა“ ჰქვია.