კენიის მთავრობამ საქართველოში ივანიშვილისთვის ბაობაბის ხეების ექსპორტი შეაჩერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო Edwin Ndeke/The Guardian

გარემოსდამცველების პროტესტის შემდეგ, კენიის მთავრობამ კილიფის ოლქიდან ბაობაბების ამოძირკვასა და საქართველოში ექსპორტზე გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. კერძო კომპანიასა და კილიფის მცხოვრებლებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოში რვა ბაობაბის ექსპორტი იგეგმებოდა. ბაობაბები შეკვეთილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწყობილ დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაერგათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გარემოს დაცვისა და ტყის მინისტრმა სოიპან ტუიამ, 21 ნოემბერს, ნაირობიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კერძო კომპანიამ ბაობაბების ამოძირკვის ნებართვის მისაღებად გარემოს მართვის ეროვნულ სამსახურს 28 ოქტომბერს მიმართა, თუმცა, ნებართვის დამტკიცების მოლოდინში იყო, როდესაც ხეების ამოძირკვა დაიწყო, რაც რეგულაციებს ეწინააღმდეგება. სამსახურმა ამოძირკვის პროცესის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა.

„როგორც ჩანს, კერძო კომპანია არ გაჩერდა და მოიპოვა გარემოს მართვის ეროვნული სამსახურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ლიცენზია, რომელიც უკანონოდ გაცემულია კილიფის ოლქში გარემოს დაცვის უწყების დირექტორის მიერ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გაუქმდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ხეების ამოძირკვისთვის იქნა გამოყენებული. გარდა ამისა, კენიის სატყეო სამსახურს დავალებული აქვს, გააუქმოს ნებართვა ბაობაბის ხეების ტრანსპორტირების შესახებ, ამ საქმის ყოვლისმომცველ შეფასებამდე.

„ბაობაბის ხეების ამოძირკვას სჭირდებოდა ადეკვატური ავტორიზაცია და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზიარების ნათელი და გამჭვირვალე ფორმულა, რომელიც ამ შემთხვევაში აშკარად არ იყო კანონიერად მოპოვებული“, - თქვა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაობაბის ხეები ექსპორტზე არ გავა მანამ, ვიდრე მხარეებს შორის შეთანხმების დადების წესი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ არ დარეგულირდება, შესაბამისობაში არ მოვა ბიომრავალფეროვნების კონვენციასა და ნაგოიას პროტოკოლთან.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის სტატიის მიხედვით, ადგილობრივმა და უცხოელმა კონტრაქტორებმა, რომელთაც საქართველოს მოქალაქე გიორგი გვასალია ხელმძღვანელობს, კალიფის ოლქში ბაობაბების ძებნა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. „იდეალური“ ხეების მოსაძიებლად ტერიტორიებს დრონების გამოყენებით ათვალიერებდნენ და მზად იყვნენ შესაფერისი ხის სანაცვლოდ 100 ათასიდან 300 ათასამდე კენიური შილინგი (800-დან 2500-მდე აშშ დოლარი) გადაეხადათ. 

როგორც გვასალია ამბობს, ხეების ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ ადგილობრივები ბაობაბებს მიწათმოქმედებისთვის ადგილის გათავისუფლების მიზნით ჭრიან. „ისინი ხეებს კლავდნენ იმიტომ, რომ სიმინდის დათესვა სურთ. ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც ვერ გამოიყენებენ შეშად და ნახშირისთვის. მე აქ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია ხეების ტყუილუბრალოდ მოკვლაა“, - ციტირებს The Guardian-ი გვასალიას კომენტარს.

ბაობაბი ხის უნიკალური სახეობაა, რომელსაც შეუძლია ათასობით წელი იცოცხლოს. ის კენიის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია და 2010 წლიდან კონსტიტუცია იცავს.

კილიფიდან ბაობაბების ამოძირკვისა და საქართველოში გადატანის წინააღმდეგ გარემოსდამცველები გამოვიდნენ და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. გარემოსდამცველების თქმით, გიგანტური ბაობაბების დიდი ნაწილი კლიმატის ცვლილების შედეგად იღუპება, თუმცა ახლა ისინი ახალი საფრთხის წინაშე დგანან, რასაც „ბიომეკობრეობა“ ჰქვია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).