საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გუშინ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე განაცხადა, დღეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დაადანაშაულა და ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ისევ რეალური პერსპექტივაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჰერჩინსკიმ „სამწუხარო“ უწოდა განცხადებას, „რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით“ და თქვა, ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
„ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების, რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მედიასაშუალებების მხრიდან.
მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.
თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.
ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა, შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დააზუსტა, რომ საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე.
„პირველი ნაბიჯი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება. ეს არის პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას“, - თქვა კობახიძემ.
არალეგიტიმურმა პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა, რომ მისი მთავრობა ერთგულია საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ამასთან, მან „შანტაჟის ხელოვნური ინსტრუმენტი“ უწოდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ევროკავშირის საბიუჯეტო საგრანტო დაფინანსებას.
„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“, - განაცხადა კობახიძემ.
არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა არაფერი თქვა ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომლის შესრულება ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის სავალდებულო წინაპირობაა.
2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ მთავრობა ცხრა მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამდა. 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავდა, რომ სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ნება, ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმები განეხორციელებინა.
„პირიქით, მნიშვნელოვანმა ნეგატიურმა მოვლენებმა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ, ისევე როგორც საქართველოს ოფიციალური პირების ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა ძლიერმა ნარატივებმა, მძიმედ იმოქმედა საქართველოს ევროკავშირის ტრაექტორიაზე. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერდა“, - ევროკომისიის შეფასებით, ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს წინსვლა უმნიშვნელო იყო.
ევროკომისია ასევე აცხადებდა, რომ ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას, თუ მთავრობა „არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით“.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებზე.