საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდება თუ არა პარლამენტთან მოშიმშილე, პირამოკერილ შუქრუთელებს, განაცხადა, რომ „ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი 185 დღეა უწყვეტ აქციას მართავს, 5 ადამიანი კი მე-13 დღეა შიმშილობს. 11 სექტემბერს ისინი ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ იმ იმედით, რომ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას შეძლებენ.
„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები. თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებითი არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკეები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია რაც გვაქვს დღემდე, ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება“, - თქვა კობახიძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
შუქრუთელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“, მადნის მოპოვების შედეგად სახლების ნგრევის გამო, ადეკვატური კომპენსაციების გადახდას ითხოვენ. 2021 წელს, ჯერ ჭიათურაში, შემდეგ კი თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, 134-დღიანი საპროტესტო აქციის, ხანგრძლივი შიმშილობისა და პირის ამოკერვის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ზარალი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეფასების საფუძველზე უნდა ანაზღაურდეს, „ჯორჯიან მანგანეზი“ დღემდე არ ასრულებს.
კომპანია აცხადებს, რომ შუქრუთის 281 მცხოვრებზე ზიანის ანაზღაურების სახით ჯამში 13 მილიონ ლარამდეა გაცემული, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები.
შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რიგი ოჯახების მიერ აღებული თანხა ავანსია. საკომპენსაციო თანხის რაოდენობა კომპანიის მიერ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების მოწვევისა და დეტალური შეფასების შემდეგ უნდა დაზუსტებულიყო, რასაც საბოლოო ანგარიშსწორება მოჰყვებოდა.
„შეთანხმების შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა, „ჯორჯიან მანგანეზმა“ კი ამ დრომდე არ გადმოგვცა ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად, არც საბოლოო ანგარიშსწორება მომხდარა. კომპანია განზრახ არიდებს თავს, რომ ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ შეაფასოს, რადგან ობიექტური გაანგარიშებით, ბევრად მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე თავის აუდიტს აწერინებენ“, - უთხრა „მთის ამბებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნეფარიძემ.
დაზარალებული მოსახლეობა პრობლემის გადასაწყვეტად საქმეში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვს. 24 აგვისტოს, შუქრუთელებმა სცადეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა მოეწყოთ ჭორვილაში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მშობლიურ სოფელში. მათ სურდათ, ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინათ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია ჩაგრავთ და სისტემა ებრძვით. პროტესტის მონაწილეებს ჭორვილას შესასვლელთან საგანგებოდ მობილიზებული პირები და ასობით პოლიციელი დახვდათ. ისინი ივანიშვილის სოფელში არ შეუშვეს.
ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან საპროტესტო ქცია ექვსი თვის წინ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. კომპანიამ ფიზიკური ძალის გამოყენებით და პოლიციის დახმარებით არაერთხელ სცადა სამუშაო პროცესის აღდგენა, მაგრამ ვერ შეძლო. მისი მოთხოვნით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს და სამი მათგანი - გიორგი ნეფარიძე, რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს პროტესტის ყველა მონაწილე. „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა შუქრუთელებს სასამართლოშიც უჩივლა და მაღაროსთან პროტესტის აკრძალვა მოითხოვა, რაც საჩხერის სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის მიუხედავად, აქცია არ შეწყდა. სასამართლოში წარდგენილი ახალი სარჩელით კომპანია აქციის ყველა მონაწილის საკუთრების დაყადაღებას და მათგან 5 მილიონ ლარზე მეტის გადახდას ითხოვს.