„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ კინოს კონტროლი წარსულს ჩაბარდა, თუმცა კინოცენტრი ფილმ „მოთვინიერების“ დაფინანსების გამო გააკრიტიკა. სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ გიგანტური ხეების მოგზაურობას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი კობახიძის მიიჩნევს, რომ კინოცენტრის გარშემო „ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი“.
„ეჭვი გამიჩნდა, რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული იქ თავის დროზე. მართლა არ ვიცი, რაზეა აქ საუბარი. ზოგადად, ქართულ კინოს, რა თქმა უნდა, სჭირდება გაჯანსაღება, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება, მათ შორის ინტელექტუალური რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში. ბუნებრივია, აქეთკენ არის მიმართული მინისტრის ქმედებები, დანარჩენი უნდა გადაწყდეს დისკუსიის ფორმატში, ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა რაღაც პროტესტის ორგანიზებით.
კინოს კონტროლს რაც შეეხება, ესეც წარსულს ჩავაბარეთ. 2012 წლამდე, გახსოვთ, რა ხდებოდა - პირდაპირ ყველა კინოს იღებდნენ პოლიტიკური დაკვეთებით. ეს დღეს აღარ ხდება. არ ვიცი, რა არის ამ პროტესტის მიზეზი. შეიძლება იყოს სუბიექტური ინტერესები და ა.შ., მაგრამ როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა „ქართული ოცნების“ ინტერესების წინააღმდეგ და უბრალოდ, რაღაც სახელისა და გვარის გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები შეიძლება არსებობდეს, რაიმე კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული. ეს საინტერესოა“, - განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, კინოცენტრში ცვლილებების მიზეზი ხომ არ არის ის, რომ „მოთვინიერების“ მსგავსი ფილმები აღარ იქნეს გადაღებული, „ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფილმი სამარცხვინოა, თუმცა მას საკადრო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„ეს სამარცხვინო ფილმია, რაც კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღო კონკრეტულმა რეჟისორმა. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია ჩადო იმ პარკის მოწყობაში, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება. ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა.
ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, ანუ აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ, იმიტომ, რომ როდესაც აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და გამართლება. ადამიანმა ჩადო თავისი ფული, მილიონობით ლარია ჩადებული ამ პარკის მოწყობაში, ათეულობით მილიონი იმისთვის, რომ მომავალ თაობებს, ჩვენს მოსახლეობას, ტურისტებს ჰქონდეთ კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა და დარჩეს ეს მომავალ თაობებს და როცა ამას აქილიკებ, თან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფულით, ეს მართლა სამარცხვინოა.
კინოცენტრი ხელისუფლების მიერ კომპლექტდება ამ კუთხით ერევა მხოლოდ კინოცენტრის საქმიანობაში. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. ეს კონკრეტული მაგალითია. რა თქმა უნდა, შეიძლება ფილმი კრიტიკულიც იყოს, პოლიტიკურად სენსიტიურიც და ა.შ., მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს რა თქმა უნდა გაუგებარია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კულტურის სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო - კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დაინიშნა, გაუქმნდა დირექტორის მოადგილეების თანამდებობები და მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახდა. კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციის შეჩერებას და კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით შერჩევას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციის დამორჩილებას ცდილობს.
„მოთვინიერება“ (ინგლისურად Taming the Garden) რეჟისორ სალომე ჯაშის მიერ 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც ადამიანსა და ბუნების დაპირისპირებას ეხება. სიუჟეტის მიხედვით, საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს - აგროვებს უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს, რომლებსაც მისი დავალებით ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. გზა ბაღამდე სოფლებზე, მთებზე, ზღვაზე გადის. საჭირო ხდება სხვა ხეების მოჭრა და ახალი გზების გაყვანა. ფილმის პრემიერა 2021 წელს, სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. 2022 წლის აპრილში „მოთვინიერება“ კინოს სახლში უნდა ეჩვენებინათ, თუმცა საქართველოს კინოაკადემიამ ჩვენებები გააუქმა. როგორც კინოაკადემიის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე (მინდია) ესაძემ განმარტა, ფილმი პოლიტიკურად მოტივირებულია და შესაძლოა ადამიანების გაღიზიანება გამოეწვია.