საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი სრულად მალე ამოქმედდება. კობახიძემ ეს პროცესი იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის დანიშვნასთანაც დააკავშირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 2 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
„კანონი არ არის სრულად ამოქმედებული ამ ეტაპზე. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, იყო რისკი სეირიოზული იმის, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა სრულად ამ კანონის ამოქმედება, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიდგომა იყო რბილი, რასაც ჰქონდა კონკრეტული საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე, როდის დაიწყება იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების იძულებით რეგისტრაცია, რომლებმაც ნებაყოფლობით ამის გაკეთებაზე უარი თქვეს, კობახიძემ უპასუხა:
„რეალურად, ალბათ, უნდა დაიწყოს მალევე ეს პროცესი, რადგან ამ „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის. ახალი შესულია ახალი იუსტიციის მინისტრი“, - თქვა კობახიძემ.
რუსული კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ აცხადებს და რეგისტრაციას ავალდებულებს ყველა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია.
რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია შეავსოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. წარდგენისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო ორგანიზაცია 10 000 ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი 20 000 ლარით. დაჯარიმება ორგანიზაცია არ ათავისუფლებს კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი და ამ პროცესში მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი მიმართავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის“ დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო აღნიშნულ სუბიექტს თავად დაარეგისტრირებს ე.წ. აგენტების რეესტრში. რეგისტრაცია ორგანიზაციას ჯარიმისგან არ ათავისუფლებს.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 2024 წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, საზოგადოებრივი პროტესტისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიიღო. შედეგად, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.