საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს შედგება, მიუხედავად იმისა, დანიშნავს თუ არა მას პრეზიდენტი. როგორც კობახიძემ თქვა, აქედან „ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ეს წერია კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპრუდენციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს, მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრმა შეაფასა ოპოზიციის ლიდერების განცხადებებიც და თქვა, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.
„პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ამავე მუხლის მიხედვით, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი). პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 დეპუტატი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
ცესკოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების ვადა 21 ნოემბერს ეწურება. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 053 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.034%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.17%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.808%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.777%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.