გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო სკოლა „ალბიონის“ მასწავლებელი, რომელიც ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი იყო. ამავე საქმეზე ბრალდებული სპორტის მასწავლებელი კი სასამართლომ გაამართლა. მოსამართლეს მხარეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ გადაუცია, სადაც განმარტებული იქნება, რატომ ცნო უდანაშაულოდ სპორტის პედაგოგი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პროკურატურა ორივე მასწავლებელს გულგრილობას ედავებოდა, რამაც ბავშვის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 26 მაისს, თბილისის კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი, კლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად, ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში იყო წასული.
„დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, კლასის დამრიგებელი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა.
სპორტის მასწავლებელმა, ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რის გამოც დაიღუპა. ბავშვის ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს“, - ნათქვამია ბრალდების დადგენილებაში.
სასამართლო პროცესებზე თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც სოფიო დინებამ გაიტაცა, ის შველას ითხოვდა, იქ მყოფი სპორტის მასწავლებელი არ დახმარებია, კლასის დამრიგებელი კი ადგილზე, ჩანჩქერთან საერთოდ არ იმყოფებოდა.
დამნაშავედ ცნობილ კლასის დამრიგებელს სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და პირობითი სასჯელი განუსაზღვრა. ორივე მასწავლებელი, რომლებსაც გამოძიება გულგრილობას ედავებოდა, ისევ სკოლაში მუშაობს.
სოფიო ნიკოლეიშვილის დაღუპვის შემდეგ, რამდენიმე დღეში, განათლების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გაამკაცრა. ექსკურსიის ორგანიზატორმა სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ; ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე; აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება; სკოლას დაევალა მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2022 წელს ამ წესში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც აიკრძალა ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა, ხოლო ექსკურსიის ადგილი სკოლიდან 150 კილომეტრზე მეტით არ უნდა იყოს დაშორებული.