პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისგან ითხოვს, ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაუყოვნებლივ შეიმუშავოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ექვსი თვე გავიდა შოვში დატრიალებული კატასტროფის შემდეგ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ არ შეუმუშავებია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შედეგად, კვლავ მივიღეთ ადამიანური მსხვერპლი და უდიდესი ზიანი საქართველოს არაერთ რეგიონში“, - განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა და თქვა, რომ დოკუმენტში ბუნებრივი კატასტროფების მართვის საკითხს მხოლოდ რამდენიმე წინადადება აქვს დათმობილი, რაც არაადეკვატურია.
„არც კი ჩათვალეს საჭიროდ, ცალკე თავი დაეთმოთ ამ საკითხისათვის. ამ თემას გარემოს დაცვის თავში ეთმობა მხოლოდ რამდენიმე წინადადება, რომლის შინაარსიც არის უკიდურესად ზოგადი და ბუნდოვანი. კატასტროფებისადმი მოწყვლად ქვეყანაში, ისეთში, როგორც საქართველოა, გასულ და მიმდინარე წელს განვითარებული უმძიმესი მოვლენების ფონზე, კლიმატის ცვლილების და გარემოზე ადამიანის უგუნური და უკონტროლო ზემოქმედების ფონზე, აღნიშნული ნახევარი გვერდი არანაირად ქვეყნის გამოწვევებს არ პასუხობს და ეფექტიან სისტემას კატასტროფების პრევენციისათვის არ ქმნის, არ არის ადეკვატური, როგორც ადამიანური მსხვერპლის, ასევე ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად. გაოცებას იწვევს ისიც, რომ აღნიშნული საკითხები სამთავრობო პროგრამაში საერთოდ მდგრადი განვითარების პოლიტიკის ჭრილში არ არის დანახული“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, „ლელო“ ითხოვს, ხელისუფლებამ სიღრმისეულად შეისწავლოს ბოლო პერიოდში განვითარებული კატასტროფების მიზეზები, სახელმწიფოს მზაობის დონე და რეაგირების ხარისხი, რადგან ამ ანალიზის გარეშე „ვერ შეძლებს ადეკვატურად მოემზადოს სამომავლოდ“.
„ხელისუფლებამ დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და ჩართოს მათი ცოდნა და გამოცდილება სტრატეგიის შემუშავებაში, განვითარებული მოვლენების სრულყოფილ და ობიექტურ შესწავლაში, ასევ უნდა მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადები არიან ბუნებრივი კატასტროფების მიმართ და ითხოვოს მათგან ექსპერტული დახმარება, გამოცდილების გაზიარება, მოიძიოს დამატებითი ფინანსები გამართული სისტემის შესაქმნელად.
როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე უნდა შეიქმნას და გაიმართოს კატასტროფის რისკების მართვაზე ფოკუსირებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული და არ იქნება დახუნძლული სხვა ფუნქციებით და ვალდებულებებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ბოლო პერიოდში სტიქიური პროცესები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განვითარდა. 6 თებერვალს, მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავი ჩამოწვა და საცხოვრებელი სახლი წაიღო. დაიღუპა 63 წლის ქალი. იმავე დღეს, მეწყერი განვითარდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში. სტიქიას ემსხვერპლა 55 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონში მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა, რის გამოც უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახი გაიყვანეს.
7 თებერვლის ღამეს მეწყერი ჩამოწვა იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. დაიღუპა 9 ადამიანი - მათ შორის, ბავშვებიც არიან.
მეწყრული პროცესები განვითარდა გურიაშიც, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა იყო შეწყვეტილი.
ამ თემაზე:
ბაღდათის და ქედის სოფლებში, სადაც მეწყერმა ადამიანები მოკლა, საფრთხე პროგნოზირებული იყო