ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩიეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საბჭოში ორი წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობები დატოვეს. გვრიტიშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ხოლო მურუსიძემ საკუთარი თავი თვითონ დაასახელა. ვაკანტური თანამდებობების დაკავების სურვილი მხოლოდ მათ გამოთქვეს.

მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლიდან მურუსიძის არჩევას მხარი 268-მ დაუჭირა, ხოლო გვრიტიშვილმა 267 ხმა მიიღო.

„მადლობა კოლეგებს, რომ ნდობა ხელახლა გამომიცხადეს, მომცეს შესაძლებლობა და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ვიყო საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ჩემი კარიერის განმავლობაში. ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს, ალბათ, ჩემს კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას იმისთვის, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის შესაბამისი ფუნქციები“, - განაცხადა გვრიტიშვილმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი 2017-2021 წლებშიც იყო.

უვადო მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბოლომდე იბრძოლებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.

„რამდენიმე წლის განმავლობაში ჩუმად, წყნარად ვიყავი. ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ რატომღაც არ მოისვენეს. არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ჩემი სახელი ისეთი არაფერი, მაგრამ ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიტანეს და გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ყველა პრობლემას, რაც სასამართლოში, ქვეყანაში იყო, მე მაბრალებდნენ. რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს, თვითონ გავცემ პასუხს.

ჩემი მოშორებით და დისკრედიტაციით, ისინი ფიქრობენ, რომ სასამართლო სისტემას დაშლიან და შემოვლენ იმ კადრებით, რომლებსაც შემდგომ მართავენ. ამას ვერ დავუშვებდი და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ვიყო საბჭოს წევრი. ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. უბრალოდ, 21-ე საუკუნეა, თორემ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ცეცხლზე დაგვწვავდნენ. გამსახურდიაში რომ არის, მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევიაო. თუ გნებავთ, ვიმეგობროთ, გვქონდეს ურთიერთობა, კრიტიკაც იყოს და იყოს დადებითი მომენტების გამოკვეთაც, თუ არადა, თუ ბრძოლა უნდათ, ვიბრძოლოთ. სხვა გზა არ არის“, - უთხრა მურუსიძემ ჟურნალისტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ლევან მურუსიძეს სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერად მოიხსენიებენ. 2013-2017 წლებში ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, 2018 წლიდან კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ გამწესდა. ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, პატიმრობაში მყოფმა იოსებ გოგაშვილმა ლევან მურუსიძე მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა. მურუსიძე ამ ბრალდებებს უარყოფს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა. ის თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.