ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, გია ზურაბაშვილმა ანდრიუს კალინდრას უთხრა, რომ ლიეტუვა საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, - განაცხადეს სამინისტროში და იქვე აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი გამოთქვეს.
ანდრიუს კალინდრამ შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა. „წელს ლიეტუვა და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ასე რომ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ, როგორ გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა დღეს“, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი და ლიეტუვაში საქართველოს ელჩის დაბარების საკითხი, ანდრიუს კალინდრამ უპასუხა - „დიახ და არა“.
29 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე დაიბარა. უწყების განცხადებით, გამოხატეს ღრმა მწუხარება საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და მისი საქმიანობის შეზღუდვას. „ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული“, - განაცხადეს სამინისტროში.
მანამდე, რუსული კანონის მიღებას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს უკეთესს იმსახურებს.
„ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს, თითქმის არავის“, - ამ განცხადების ავტორი კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისია. ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შეუჩერდეს.
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებმა გაბრიელიუს ლანდსბერგისი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 15 მაისს, თბილისში ვიზიტის დროს, ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს მიმართა. ევროპელი დიპლომატები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.