იტალიის მთავრობამ არალეგალი მიგრანტების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდის გამო ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ხმელთაშუა ზღვით 31 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მთავრობა 5 მილიონ ევროს გამოყოფს გადაუდებელი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს „ცხელი წერტილების“ განტვირთვას, ახალი სტრუქტურების შექმნას მიგრანტების მისაღებად და შემდგომში იმ პირების რეპატრიაციისთვის, ვისაც იტალიაში დარჩენის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას კუნძულ ლამპედუზას აფრიკის ქვეყნებიდან დაახლოებით 1700 მიგრანტი მიადგა, ორშაბათს კი სანაპირო დაცვამ სამაშველო ოპერაცია ჩაატარა ორი ნავის გადასარჩენად, რომელსაც ჯამში 1200 ადამიანი გადაჰყავდა.
ზღვისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ განაცხადა, რომ მიგრანტების რაოდენობის ზრდა რისკის ქვეშ აყენებს იტალიის ინფრასტრუქტურას. მისი თქმით, საუბარია ფენომენზე, რომელიც წარსულში არავის უნახავს. „კუნძულებს მარტო არ შეუძლიათ ამ საგანგებო ვითარებასთან გამკლავება“, - აღნიშნა მან.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2017 წლის შემდეგ მიგრანტების დაღუპვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ხმელთაშუა ზღვაში, ევროპაში მოხვედრის მცდელობისას, 441 მიგრანტი დაიღუპა. სამაშველო ოპერაციის დაყოვნებამ სულ მცირე 127 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. IOM-ის გენერალური დირექტორი ანტონიო ვიტორინო შიშობს, რომ ეს მდგომარეობა უკვე ნორმად იქცა.
„ზღვაში ადამიანების გადარჩენა სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ვიტორინომ. „ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოების მხრიდან სამძებრო-სამაშველო ოპერაციების პროაქტიული კოორდინაცია. მოვუწოდებთ სახელმწიფოებს ითანამშრომლონ და იმუშაონ მიგრაციულ მარშრუტებზე სიკვდილის შესამცირებლად“.
მიმდინარე წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც კალაბრიასთან ხის ნავის ჩაძირვას 60-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ ევროკავშირს მიმართა, მეტი გააკეთოს არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.