ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ბჟანიამ და ლუკაშენკომ თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსში ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულნი აფხაზეთთან თანამშრომლობით, რის შესახებაც 2022 წლის სექტემბერში სოხუმში მისი ვიზიტის დროსაც იმსჯელეს.
„მხოლოდ ერთი აზრი არ მანებებდა თავს: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე? ნუთუ, არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის? იქნებ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინაც ვთქვი, ემსახურება მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმია თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედება? ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“, - განაცხადა ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრის დროს.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„რაღაც ეს არც ისე კარგად გამოიყურება იქიდან გამომდინარე, რომ ის მაინც პრეზიდენტი იყო. ამიტომ ამ დონემდე მისვლა, უბრალოდ არ არის ნორმალური. რატომ ვამბობ ამას - ჩვენ ხომ არანაირი შეფასება არ მიგვიცია, არ ჩავრეულვართ ამ და სხვა სიტუაციებში? ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და რამდენადაც შესაძლებელია, გვაქვს თბილისთან. რატომ რეაგირებენ ისინი ასე მწვავედ... ვფიქრობ თქვენც დამეხმარებით ამ კითხვაზე პასუხის მოძებნაში“.
რაც შეეხება აფახაზეთთან თანამშრომლობას, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ 21 თებერვალს გამართული შეხვედრა ადამიანურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო:
„ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს. ბელარუსების შესახებ აღარაფერს ვამბობ. ჩვენ გვაქვს ის, რაზეც შეგვიძლია ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტი. არის საქონელი, რომელშიც დაინტერესებული ვართ. არის საქონელი, რომლითაც თქვენ ხართ დაინტერესებული.
უფრო მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული მიმართულება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს სხვადასხვა სანქციის დაწესება. ჩვენს ხალხს ზღვაზე წასვლა უნდა და აი, მე ვნახე თქვენი სანაპიროები. ჩვენ ყოველთვის ჩავდიოდით იქ, სოხუმშიც და ბათუმშიც, თბილისშიც და ასე შემდეგ. ჩვენი ხალხი ახლაც ჩადის ამ ქალაქებში, მაგრამ რაღაცნაირად გამოვიდა ისე, რომ აფხაზეთი აღმოჩნდა ჩამოჭრილი. არა არამოთხოვნადი, არამედ ჩამოჭრილი. მოთხოვნა კი ძალიან დიდია.
რატომ არ უნდა დავდიოდეთ ერთმანეთთან სტუმრად? ამ კითხვას ვსვამ და არ შემიძლია გავიგო, რისთვის არის საჭირო ამ ნიადაგზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, უნდა გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ რომელიღაც ქვეყნები და ხალხები დავყოთ. ასეთ რთულ დროში ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ - თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც. ყველა რაღაცნაირად ერთად უნდა ვიყოთ, მივისწრაფვოდეთ ერთმანეთისკენ. ამ კუთხით განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ შეასრულეთ დაპირება და ჩვენთან ჩამოხვედით“.
ასლან ბჟანიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა მინსკში მიწვევისა და თანმიმდევრულობისთვის: „თქვენ ბევრი მოგისმენთ, მათ შორის, საქართველოში და ვფიქრობ, რომ თქვენი ბრძნული სიტყვები ამ ადამიანების გულებამდე მივა“.
ჟურნალისტებთან შეხვედრის კომენტირების დროს, ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი, დიდწილად დასავლეთის სახელმწიფოების სანქციების გამო, დიდი ხანი იმყოფებოდა იზოლაციაში, რუსეთის წყალობით კი დეიზოლაციის პროცესები მიმდინარეობს. ბჟანიას თქმით, ამ მხრივ ბელარუსთან კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქცენტი კეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ შევთანხმდით რიგ საკითხებზე. შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება აფხაზური პროდუქციის ბელარუსის ტერიტორიაზე მიწოდება და პირიქით. აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა. ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც გახანგრძლივდა ბელარუსის მოქალაქეების აფხაზეთში უვიზოდ ყოფნის ვადები. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ აფხაზეთიდან ახალგაზრდები ჩამოვიდნენ მაღალტექნოლოგიურ პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აფხაზეთი შეიძენს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციას, კერძოდ, ბელორუსის მრეწველობის ფლაგმანის - „ჰორიზონტის“ [ტრაქტორების საწარმო] ქარხნის პროდუქტებს“, - განაცხადა ბჟანიამ, რომლის თქმითაც, ბელარუსში ბოლოს 40 წლის წინ, სტუდენტობის დროს იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკში შემდგარი შეხვედრა დაგმო და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფიციალურ შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უგულებელყოფით ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, ეს წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას“, - დაწერა Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 28 სექტემბერს იმყოფებოდა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ. აგვისტოს ბოლოს ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო აფხაზეთი მზად არის, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი გახდეს.
ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს, თუ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს.