საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მოსამართლეობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, „ტვინს გაასხმევინებდნენ“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა ასეთი მესიჯი, რომ თუ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რაც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, ტვინს გამასხმევინებდნენ.

ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება და განწყობა. ასევე. კლანისგან ისევ მივიღე მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას“, - თქვა ბესარიონ ალავიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

ყოფილმა მოსამართლემ ეს განცხადება ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე მოქმედი მოსამართლეების პოზიციის შეფასებისას გააკეთა. დღეს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს, რამდენიმე მოსამართლემ სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლი გააზიარა. აღნიშნული მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„ვფიქრობ, რომ ამხილეს [მოსამართლეებმა], გააკეთეს აქცენტი და ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა რუსული კანონის მიღებით. ეს რომ რუსულია, ამაში შესვლა არ გვინდა. თუმცა ის, რომ მცირეა ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული სასამართლო“, - აღნიშნა ბესარიონ ალავიძემ.

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10 წლით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 2019 წელს, როცა ალავიძე ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი ადასტურებდა სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის არსებობას. 2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს არ წარუდგინა.

2022 წელს, ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა. დაპატიმრების შემდეგ გოგაშვილმა თქვა, რომ ზეწოლა სუს-მა 2007-2017 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის დავალებით განახორციელა. „მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს, მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება ალავიძეზე, სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით“, - ამბობდა გოგაშვილი.

2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, დაასანქცირა. სანქციები დაუწესდა კიდევ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს - ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, დასანქცირებულ პირებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).