თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაში, მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციასა და ბინადრობის ნებართვების მოთხოვნაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
„რა არის პრობლემა? რა თქმა, უნდა ნორმალურია.
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება.
საქართველო არ უერთდება სანქციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე პიროვნება სანქცირებულია, ამას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი“, – განაცხადა კალაძემ კითხვაზე - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის გამკაცრებას განიხილავენ.
2022 წლის ივლისში, საქართველოში, ყველაზე მეტი, 156 737 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 525.5 %-ით მეტია გასული წლის ივლისის მონაცემზე და 1.5%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე (159 063 ვიზიტორი) ვიდრე კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის გამო, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი რუსეთთან ცალმხრივად არსებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ. პარტია „ლელოს“ ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში არიან ჩართული, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი; შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს - საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი, ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.
2021 წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6200-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით მოქმედებს, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა: „იმ პოლიტიკის, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ ომის გამო შეცვლა უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც დღემდე მოქმედებს რუსეთთან“.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ტურიზმის სექტორში არსებულ დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ და ამით ძალიან ბევრი მოქალაქის მდგომარეობა გააუარესონ.
18 აგვისტოდან ესტონეთი თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. ესტონეთმა, რომელსაც რუსეთისგან 294 კილომეტრი სიგრძის სახმელეთო საზღვარი ჰყოფს, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე შეაჩერა.
