ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. მოსამართლე დარწმუნებულია, რომ „სიმართლე არ დაიკარგება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
არ ვაპირებ „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.
ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს.
დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს“, - აცხადებს ირაკლი შენგელია.
მოსამართლე შენგელია მისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში პირველად 6 აპრილს, ანტიამერიკული განცხადებებით გამოეხმაურა. როგორც ის ამბობდა, დღევანდელ მოცემულობაში, არც მას და არც მის ოჯახს, არანაირი სურვილი აღარ აქვს, აშშ-ს ეწვიოს, რადგან „ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს“. მოსამართლის თქმით, „აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა“, რის გამოც, იქ „არაფერი ესაქმება“.
ირაკლი შენგელია 2017-2021 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც იყო.
5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. დეპრტამენტის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისთვის მიწერილ წერილში მტკიცებულებების წარმოდგენას ან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. დარჩიაშვილის თქმით, სხვა შემთხვევაში, მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება „საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან“ აღიქმება როგორც „სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა“.