თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ძალაში დატოვა პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიერვე შეფარდებული პატიმრობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
პროცესი, რომელიც 11 იანვარს, დილიდან მიმდინარეობდა, ბრალდებულების, მათი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მონაწილეობის გარეშე დასრულდა. ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი დაახლოებით 13:30 საათზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანის შესახებ.
„სხდომის გახსნისთანავე დაცვის მხარემ ერთობლივად დავაყენეთ შუამდგომლობა, შეცვლილიყო დარბაზი, რადგან თავიდანვე აშკარა იყო მცირე დარბაზის არაპროპორციულობა. შუამდგომლობაში განვმარტავდით, რომ ბრალდებულები სადაც იყვნენ მოთავსებული, ის შემინული კაბინა იყო ძალიან პატარა, შეუძლებელი იყო ნორმალურად სუნთქვა. მიუხედავად ამისა, მოსამართელმ არ დაგვიყმაყოფილა შუამდგომლობა და გააგრძელა სხდომა. ბრალდებულებმა არაერთხელ თქვეს, რომ არაადამიანურ პირობებში იყვნენ და არ ჰქონდათ სუნთქვის საშუალება. ერთ-ერთი ბრალდებული, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარებაც იქნა გამოძახებული. აშკარა იყო, თუ რას იწვევდა პატარა დარბაზში ყოფნა, თუმცა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა მაინც არ გაითვალისწინა და მოხდა ისე, რომ ბრალდებულებმა პროტეტის ნიშნად დატოვეს დარბაზი და ჩვენც, ადვოკატებმა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებთან შეთანხმებით, დავტოვეთ დარბაზი“, - განაცხადა ნინო ლომინაძემ. ის 25 წლის თორნიკე გოშაძის ინტერესებს იცავს.
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებს ბრალდებულების დაცვაზე უარი არ განუცხადებიათ, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა და ხუთ ბრალდებულს, რომელთაგან ოთხი ასაკის, ხოლო ერთი ქართული ენის არცოდნის გამო სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან, საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატები დაუნიშნა.
სხდომა 18:00 საათზე სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით გაგრძელდა. ამ დროისთვის ბრალდებულები უკვე ციხეში იყვნენ გადაყვანილი ისე, რომ ამის შესახებ არც მათ მიერ არჩეულმა უფლებადამცველებმა, არც ოჯახის წევრებმა და სახაზინო ადვოკატებმა არაფერი იცოდნენ.
„ოქმში, რომელიც საბადრაგო სამსახურმა გადასცა მოსამართლეს, არ არის მითითებული, რის გამო დატოვეს სასამართლოს ტერიტორია ბრალდებულებმა, სრული შემადგენლობით. სასამართლოს მივმართე, რომ მომცემოდა მათთან შეხვედრის საშუალება, მაგრამ მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ სხდომა მათ გარეშე, მათთან შეხვედრის გარეშე ჩატარდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, რაც მიმაჩნია, რომ არის მათი უფლებების უხეში დარღვევა“, - განაცხადა სახაზინო ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ინტერესების დამცველის გუჯა ავსაჯანიშვილის შეფასებით, ბრალდებულების პენიტენციურ სამსახურში გადაყვანა ადასტურებს, რომ მოსამართლე ირაკლი ხისკივაძეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული და მათ მიმართ გირაოს გამოყენებას არც კი განიხილავდა.
მოსამართლე ხუსკივაძემ რვავე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის გახანგრძლივება და სხდომის 6 მარტისთვის გადადება მოითხოვა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხზე მსჯელობა გახდა საჭირო.
პროკურატურა 19 წლის ზვიად ცეცხლაძეს, 53 წლის ვეფხია კასრაძესა და 50 წლის ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 20 წლის გიორგი გორგაძეს, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილს, 34 წლის ინსაფ ალიევს, 25 წლის თორნიკე გოშაძეს და 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით აქვთ წარდგენილი. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6-წლამდე პატიმრობით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით 50-მდე ადამიანი დააკავა.
ამ თემაზე:
აქციებზე დაკავებული 11 პირი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა