ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა უკანონო პატიმრობაში შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
დღეს, 18 თებერვალს, გამოცემების მთავარი რედქტორი, ეთერ თურაძე კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა. მოგვიანებით სწორედ მან წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი, სადაც ის წერს, რომ კვების აღდგენას შეეცდება.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა.
სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც, შეწყვიტონ შიმშილობა.
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ, არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, - წერს მზია ამაღლობელი.
გუშინ, 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ადვოკატებს მიმართა, ის საკვების მიღებაში დაერწმუნებინათ, „რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელის დაკავება ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის სტიკერის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.
ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 4 მარტს არის ჩანიშნული.
