არასამთავრობოები სააპელაციო სასამართლოს ნატა ფერაძის პატიმრობის გადახედვისკენ მოუწოდებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ნატა ფერაძის დაკავება / რადიო თავისუფლების ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის დაპატიმრებას გამოეხმაურნენ და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდეს, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს გადახედოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ერთობლივ განცხადებაში 16 არასამთავრობო ორგანიზცია აღნიშნავს, რომ ფერაძის მიმართ გამოყენებული სანქცია - პატიმრობა არაპროპორციულია.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.

საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დემოკრატიის მცველები, თბილისი პრაიდი, მწვანე ალტერნატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს სასამართლოს გუშაგი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ქალები საერთო მომავლისთვის.

2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო ნატა ფერაძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამოქალაქო აქტივისტს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს.

„ეს იყო სტალინისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, რასაც არ ვნანობ არცერთი წამით. აქამდე ჯარიმას იყენებდნენ ხოლმე, ნახეს, რომ ჯარიმის თანხა გროვდებოდა, ეს არ გვაფერხებდა და ახლა დაშინების ამ მეთოდზე გადავიდნენ. გარდა ამისა, „ალტ ინფოს“ უგორებენ კოჭს - აი, ციხეში ვსვამთ ადამიანს თქვენი წმინდა სტალინის შეურაცხყოფისთვისო. იანანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს“, - განაცხადა დაკავების დროს ფერაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ნატა ფერაძეს იცავს, საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იურისტ ჯუბა ქათამაძის შეფასებით, მოსამართლე შჩერბაკოვის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, მას არ უმსჯელია, რატომ გამოიყენა პატიმრობა და არა ჯარიმა.

ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატს აკრილის ლურჯი საღებავი 9 იანვარს შეასხა. მომხდარის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

სტალინის გამოსახულებით ხატი ეკლესიას პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა შეწირეს.

ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყებას და მის დაპატიმრებას პრორუსული, ძლადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ითხოვდა. პარტიის ლიდერები პარლამენტის წინ 13 იანვარს გამართულ აქციაზე იმუქრებოდნენ, თუ ხატის „შეურაცხყოფისთვის“ სახელმწიფო ფერაძეს სათანადო პასუხს არ გასცემდა, ამას თავად გააკეთებდნენ. მანამდე, „ალტ ინფოს“ წევრები და მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტის სახლთან მივარდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ. ნატა ფერაძე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადასულიყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).