გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს დარღვევა დაუდგინა. კომიტეტმა სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ბრალდებაზე სიღრმისეული გამოძიების ჩატარება დაავალა და 180 დღე მისცა გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ არ დაიცვა ბავშვები ძალადობის მძიმე ფორმებისგან და არ მიიღო დროული და ადეკვატური ზომები დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისგებაში მისაცემად. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო საქმის ეფექტური გამოძიება.
კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა, უზრუნველყოს დაზარალებული ბავშვის ადეკვატური, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და მისი რეაბილიტაცია; ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად შეაფასოს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა; სარეაბილიტაციო ღონისძიებები განსაზღვროს ბავშვებთან კოორდინაციით, რომ მოხდეს მსხვერპლის შეხედულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება;
კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერ კერძო ან საჯარო დაწესებულებაში. მან, ასევე, უნდა უზრუნველყოს მუდმივი და დამოუკიდებელი მონიტორინგი აღნიშნულ დაწესებულებებში; სახელმწიფომ უნდა შექმნას ბავშვზე ორიენტირებული საჩივრების ეფექტური სისტემა ყველა სახის მზრუნველობის დაწესებულებაში, რომელიც იქნება კონფიდენციალური, ხელმისაწვდომი, გენდერულად მგრძნობიარე და მეგობრული ბავშვებისთვის; სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის დროული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა.
როგორც კომიტეტი აღნიშნავს, მომჩივანი 57 ბავშვის საქმიდან, მ.ლ. და ლ.კ.-ს შემთხვევებში გამოვლინდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა.
კომიტეტის დადგენილების თანახმად, 2008 წელს დაბადებული მ.ლ. სამი წლიდან ცამეტი წლის ასაკამდე, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში იყო განთავსებული, სადაც უნებლიე შარდვის გამო მკაცრი სასჯელებით იტანჯებოდა.
აღმზრდელები უფროს ბავშვებს ხშირად ავალებდნენ, მ.ლ და სხვა ბავშვები ჯოხების ან ხელების დარტყმით „გამოესწორებინათ“.
11 წლის ასაკში ის ასევე იძულებით იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. მეორე ბავშვი, ლ.კ, დაბადებული 2003 წელს, ასევე დადგა მსგავსი სირთულეების წინაშე. მათ შორის აღსანიშნავია არასაკმარისი საკვები, არასათანადო ჰიგიენა და გადაადგილების შეზღუდვა. მისი ძმაც, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განიცდიდა უყურადღებობასა და შეურაცხყოფას.
„ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს, უფლება აქვთ მიიღონ სპეციალური დაცვა და დახმარება სახელმწიფოსგან, რომელიც მათი მზრუნველია“, - განაცხადა კომიტეტის წევრმა ბენუა ვან კირსბილკმა და დასძინა, რომ შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რაც ბავშვთა პანსიონის ან სხვა მსგავსი დაწესებულების დახურულ კარს მიღმა მოხდა.
როგორც გაეროს კომიტეტი აღნიშნავს, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებაა. იქ არსებული უმძიმესი მდგომარეობა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, პირველად 2015 წლის ანგარიშში დააფიქსირა. ანგარიშში მითითებული იყო ბავშვებს შორის ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ბულინგის, ასევე აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური დასჯის ფაქტები, ისეთი ფორმებით, როგორიცაა მეტანიის კეთება, საკვების გარეშე დატოვება, ჩაკეტვა და იძულებითი ხოხვა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა.
„სახალხო დამცველმა 2018 წელსაც გამოაქვეყნა განმეორებითი ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო პანსიონში არსებული სისტემური პრობლემები და ზედამხედველობისა და ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა. 2020 წლის ივნისიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უარს ეუბნებოდნენ პანსიონში შესვლაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პანსიონში განთავსებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,“ ჯერ თბილისის სხვადასხვა სასამართლოს, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.
კომიტეტმა დაუყოვნებლივ გამოსცა დროებითი ღონისძიება 57 ბავშვის სასარგებლოდ და მოითხოვა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა პანსიონში დაშვება მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
ერთი თვის შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო პანსიონში და განეხორციელებინა ყოვლისმომცველი შეფასება, რის შედეგადაც 27 ბავშვი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაიყვანეს.
2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა რომ გადაუჭრელი რჩებოდა წამოჭრილი პრობლემები, 15 ბავშვი, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კვლავ ცხოვრობდა პანსიონში“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები სასამართლოში ახლაც აგრძელებენ დაზარალებული ბავშვების უფლებების დაცვას.