ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, წუხელ, თბილისის ცენტრში, მისი ავტომობილი გაძარცვეს. ჟურნალისტის თქმით, წაღებულია გარე მეხსიერების ბარათი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის დროს იყენებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ეს იყო ძარცვის იმიტაციით ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა, რადგან ეს რომ ყოფილიყო რიგითი ძარცვა, მანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს. ჩემი საათი, ბავშვის საათი, სათვალე, პირადი ნივთები, რასაც ნებისმიერი ადამიანი მანქანაში ინახავს, ყველაფერი არის მანქანაში, არაფრისთვის ხელი ნახლები არ არის. წაღებულია მხოლოდ გარე მესხსიერების ბარათი, სამსახურებრივი, რომელსაც როგორც ჟურნალისტი მასალის გადასაწერად და გადმოსაწერად ვიყენებდი. ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომელიც შესანახ ყუთში მქონდა, ფურცლები გადმოყრილი და მიმოფანტული იყო, როგორც ჩანს, რაღაც კონკრეტულ საბუთს ეძებდნენ. წაღებულია ყურსასმენები, რომლებიც გარე მეხსიერების ბარათთან ერთად მედო“, - აცხადებს ნოდარ მელაძე.
მისი მონაყოლის მიხედვით, შემთხვევა წუხელ, ღამის 12 საათიდან 3 საათამდე პერიოდში მოხდა. ავტომობილი კოტე აფხაზის ქუჩაზე იყო გაჩერებული.
ნოდარ მელაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და იხსენებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერის, ვატო შაქარიშვილის მუქარას, რომ თავდასხმის შემდეგი ობიექტი ის იქნებოდა.
„თავიდან დაიწყო ვერბალური მუქარებით, რომ იქნებოდა ჩემზე თავდასხმა. კოკა კაციტაძის უწყება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური - რედ.], რომელიც დახელოვნებულია საქმეების თაროზე შემოდებით, ამ საქმეს უკვე ორი კვირაა იძიებს და ჩემთვის, როგორც დაზარალებულისთვის, ახალი არაფერია. ახლა უკვე გადავიდნენ მოქმედებაზე და იყო ძარცვის იმიტაციით დაშინების მცდელობა“, - ამბობს მელაძე.
შემთხვევის ადგილზე წუხელ პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. ნოდარ მელაძე დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს თბილისში თავს 27 ივნისს დაესხნენ. მიშა მშვილდაძე ქუჩაში გადაადგილდებოდა. ის ცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს. თავდასხმა სამეთვალყურეო კამერებმა აღბეჭდეს. „მე ვცემე, რადგან ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და ამბობს, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო. აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე, ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც არსად დამალვას არ ვაპირებ“, - დაწერა დანაშაულის მეორე დღეს მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში. იდენტური ტექსტით და ფორმით აღიარა დანაშაული მოქალაქე სოსო მაისურაძემაც, რომელიც 17 ივნისს თავს დაესხა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და დაზიანებები მიაყენა. მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გუგეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ტელეკომპანია „ფორმულა“ დანაშაულის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე ფიგურირებს.
ამ თემაზე:
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დანაშაული 4-ჯერ გაიზარდა - „ოცნების“ წახალისებული ძალადობა