ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ყველა ქართველს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, ან მივანიჭოთ, რადგან არ ჰქონია, ამის უფლება აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბიშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომისია კანონის შესრულებას ხელს უშლის.  

„არ შეიძლება გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება კომისიის მუშაობა. მივაღწიეთ იმას, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლის ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ მიზეზებს, რატომ არ ვაძლევთ ვიღაცას - არ ჩამოსულა ქვეყანაში დიდი ხანიაო, არ აქვს რაღაც კავშირები ქვეყანასთანო. ყველა ქართველს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს მოქალაქეობა, ან მივანიჭოთ, იმიტომ, რომ არ ჰქონია, აქვს უფლება, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რაიმე ქონებას თუ არ ფლობს. ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული, რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში, რა უნდა იყოს რაღაც დამატებითი კრიტერიუმი?!

მე მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიჰყვებიან, რომ ყველა წარმოშობით ქართველს, შვილებს ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, რომელიც...

სამი წელია, იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკება, გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ნუ ვეკითხებით. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ ქართველები იყვნენ?! ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ - ო, ქართველია თურმე.

ახლა უნდა მივცეთ მათ ხელი, რომ მოდით, იყავით ქართველი. იყავით გერმანელი, ინგლისელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ ამავდროულად იყავით ქართველი, იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც ჩვენთან გაქვთ, ეს არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს მათი პირველი მოთხოვნაა.

აქ მაქვს სია, 15 მაისიდან დღემდე, რაც კომისიაზე გავიდა რუსეთიდან მოთხოვნები მოქალაქეობის. სადაც არის რაიმე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას, მაგრამ თუ უსაფრთხოებიდან არ არის კითხვა, ვთქვათ, სამხედრო თანამდებობა ეკავა ან უსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი, იმათ - არა, დანარჩენს - ყველას, რადგან ისინი არიან ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, არ მაინტერესებს რუსეთში ცხოვრობდნენ და ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, თუ ამერიკაში ცხოვრობდნენ და ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ. მთავარია ის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, ეს ხალხი დაკაროგოს. სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არ აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის.

იქ რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის რომ თანხებს ვუგზავნით, ეს არ არის დიასპორის დაცვა, დიასპორის დახმარება. დახმარება არის ის, რომ ისინი ჩვენიანებად ჩავთვალოთ.

ისრაელი არის ამის მაგალითი - ავტომატურად უბრუნებენ მოქალაქეობას, თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით ებრაელია. ჩვენ რაღა გვიჭირს, რისი გვეშინია?! არ ვიცი, ყველაფრის გვეშინია, გარდა... ჩვენიანების რატომ უნდა გვეშინოდეს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძნელი დასათვლელია, რიცხობრივად რამდენი ადამიანი წარმოადგენს ქართულ დიასპორას:

„ნათქვამი იყო, რომ ერთი მილიონია რუსეთში. აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ არის და ისიც ნახევრად ქართველები და ნახევრად რუსები, მაგრამ დათვლა ძალიან რთულია.

დანარჩენ მსოფლიოში ასევე რთულია, რადგან არალეგალები დათვლილი არ არიან არსად, მაგრამ ალბათ მილიონს უახლოვდება. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან, თუ თანამემამულეები“.

მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული. ამისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა, რომ პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლებიც შევიდნენ და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ.

 

პრეზიდენტს აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ერთ-ერთი გარემოება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მიიღება მხედველობაში, არის ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია.

დადგენილ მოთხოვნებთან დაინტერესებული პირის შესაბამისობის თაობაზე დასკვნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომისია ამზადებს. კომისიის 6 წევრიდან ორი სააგენტოს, ორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ორი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარმოადგენს.

მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგელში უნდა იცოდეს, საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. სააგენტო კომისიის დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს უგზავნის. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მოქალაქეობის მიღების თაობაზე ხელმეორედ მიმართვა ერთი წლის შემდეგ არის შესაძლებელი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.