საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ღია წერილით მიმართეს ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს. ისინი გამოხატავენ მადლირებას ორპარტიული კანონპროექტის, „მეგობარი აქტის“ ინიცირების გამო და გამოთქვამენ იმედს, რომ ის სწრაფად იქნება მიღებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ჩვენს მეგობრობას და აფართოებს დახმარებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, რომლებიც ჩაგრავენ ქართველ ხალხს. მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, კონკრეტული შედეგების დაწესებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, შეუძლია შეცვალოს ეს სახიფათო კურსი და დაანახოს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი მათ ერთგულებაში.
უახლოეს თვეებში, როდესაც მივუახლოვდებით ჩვენი ერის ისტორიაში კრიტიკულ წერტილს, რადგან ჩვენი მოქალაქეები განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მივესალმებით, დათქმის გარეშე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის დაცვას.
ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია“, - ვკითხულობთ წერილში.
გარდა ამისა, ოპოზიცია კონგრესს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფას სთხოვს: „ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ს კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას“.
წერილს ხელს აწერენ: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები და ფრაქციები: „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი), „ევროოპტიმისტები“ (რომან გოცირიძე), „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ (ნიკა მაჭუტაძე), „საქართველოსთვის“ (ბექა ლილუაშვილი), „თავისუფლება“ (ნატო ჩხეიძე), „გირჩი“ (იაგო ხვიჩია), „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ (დავით უსუფაშვილი), „რეფორმების ჯგუფი“ (თეონა აქუბარდია), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა). დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარტიები: „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ გირჩი ჯაფარიძე), „რესპუბლიკური პარტია“ (ხათუნა სამნიძე) და სტრატეგია აღმაშენებელი (გიორგი ვაშაძე).
„მეგობარი აქტის“ შესახებ
„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ დააინიცირა. კანონპროექტის ძირითადი დებულებებია:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისთვის.
დემოკრატიის უკუსვლასთან ბრძოლა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი დასუსტების საპასუხოდ, აქტი მოუწოდებს, გაძლიერებულად იქნეს შესწავლილი საქართველოს მთავრობის ქმედებები, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირები.
ანგარიშები და სანქციები: აქტი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს წარადგინოს ანგარიშები საქართველოში კორუფციულ პრაქტიკაზე, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას, ასევე, საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და პოტენციური ჩინური თანამშრომლობის შეფასების თაობაზე.
აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში, სახელმწიფო მდივანმა უნდა მოახდინოს საქართველოს მთავრობაში ან სხვა გავლენიან პოზიციებზე მყოფი იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაზე ან დაზიანებაზე. აქტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის (ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის), ვინც - პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში რუსული კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და აღსრულებაზე. აქტი ითვალისწინებს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების სანქცირებასაც.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: აქტის ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი განსაზღვრავს აშშ-ს დახმარებას, მათ შორის, მოლაპარაკებებს საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
ჯო უილსონის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდებიან საქართველოს ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. „ეს კანონმდებლობა ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმების მაღალ ფასს, მაგრამ ასევე აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ორმხრივი პარტნიორობის აღდგენის მიმართ“, - განაცხადა კონგრესმენმა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეც არის.