ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს იყო ძალიან სასარგებლი, ინფორმატიული საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვაფასებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რა მტკიცებულებებია დღეისათვის მოპოვებული, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს საარჩევნო პროცესი იქნა მიტაცებული „ქართული ოცნების“ მიერ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს ქართველი ხალხისთვის ამ მოცემულ მომენტში“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, განხივის საგანი იყო არჩევნების საერთაშორისო გამოძიების საკითხი. როგორც ბოკუჩავა ამბობს, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია.

„გამოძიება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით და ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა.

იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახნა/არ გახსნასთან დაკავშირებით, უვიზო რეჟიმის გაუქმება/არ გაუქმებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური სანქციების დაწესება/არ დაწესებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, მათ შორის, ევროკავშირისთვის, გვქონდეს 100%-იანი სანდოობის ინფრომაცია, რომ დიახ, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

შეხვედრაში მონაწილეობდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც, რომელმაც თქვა, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფრომირებული არჩევნების შესახებ.

„ჩვენი ინტერესია საერთაშორისო შეფასების მისია ევროკავშირის მხრიდან, რომელიც დაადგენს ევროპული რეკომენდაციების მეოთხე პუნქტთან, ანუ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პუნქტთან რამდენად არის შესაბამისობაში ის, რაც მოხდა საქართველოში. ცხადია, რომ არ არის, მაგრამ ამის შესწავლა და ოფიციალური დოკუმენტი ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ქვეყნით შიგნითაც“, - განაცხადა გვარამიამ.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას არ ესწრებოდა მეოთხე ბარიერგადალახული პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომდგენელი.

26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ორი კვირაა გასული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 53.93%-მა, ანუ 1 120 011 ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
  • „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)

ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ევროკავშირს „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.