საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 14 დეკემბერს დანიშნა, არალეგიტიმურია და უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არა აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, - ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცალკე განცხადება გაავრცელა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. მასში ხაზგასმულია, რომ არ მიიღებენ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობენ დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის - უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს.
„ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად“, - აცხადებენ გახარიას პარტიაში.
ოთხივე ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიაში შედის პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა, 41 წევრი. დანარჩენი 109 წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პარტიებმა საკრებულოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული კვოტებით, საკრებულოებიდან პარტიების კვოტები კოლეგიაში შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 54 წევრი; „ნაციონალური მოძრაობა“ - 36 წევრი; „გახარია საქართველოსთვის“ - 9 წევრი; „ძლიერი საქართველო“ - 4 წევრი; „ევროპული საქართველო“ - 2 წევრი; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1 წევრი, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1 წევრი, „ლეიბორისტული პარტია“ - 1 წევრი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ - 1 წევრი.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი და დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს, (200 ხმა) მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.