„საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიერ, არჩევნების დღეს, თეთრიწყაროს, გურჯაანის, ახმეტის საარჩევნო უბნებზე მოპოვებული ფოტო და ვიდეომტკიცებულებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებზე ტოტალურ კონტროლს და ზეწოლას ახორციელებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სახელისუფლებო პარტიას უბნებზე მობილიზებული კოორდინატორების გარდა, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, ყველა საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ჰყავდა პასუხისმგებელი პირი. თეთრიწყაროს 26-ე საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე პასუხისმგებელი პირი იყო ნიკო ხაბულიანი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
კენჭისყრის შენობასთან ის „ქართული ოცნებიდან“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, ზურაბ დალაქიშვილთან ერთად იმყოფებოდა, მისივე კუთვნილი ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით QQ-760-QQ. ნიკო ხაბულიანს და ზურაბ დალაქიშვილს თან ჰქონდათ ამ უბნის ამომრჩევლების ფოტოსურათებიანი სია, რომელიც კანონმდებლობით მათთვის ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. კენჭისყრის შენობიდან გამოსულ ამომრჩევლებს ხაბულიანი თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა, ხმა ვის მისცეს. ამავე უბანზე ჩვენს მიერ მოპოვებული წერილობითი მასალებით დგინდება, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის ქოლცენტრები ჰქონდა მოწყობილი.
ქოლცენტრში კენჭისყრის დღის განმავლობაში რამდენჯერმე გროვდებოდა და ითვლებოდა მონაცემები უბანზე მისული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ. ყველა ამომრჩეველს საათითაოდ აღრიცხავდნენ, აპლიუსებდნენ. იქ, სადაც საკმარისი რაოდენობის ამომრჩეველი არ იყო მისული, ამომრჩევლებს ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას სთხოვდნენ, ახსენებდნენ. სახლიდან უბნამდე ამომრჩევლის ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება საარჩევნო უბნის პასუხისმგებელ პირს ევალებოდა. ტრანსპორტირების დროს ამომრჩევლებს უბნის პასუხისმგებელი პირი აფრთხილებდა, რომ საარჩევნო ყუთთან პარტიის წარმომადგენელი იდგა, რომელიც აკვირდებოდა, ამომრჩეველი ხმას ვის აძლევდა, ვის გააფერადებდა. კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის მასშტაბური დარღვევები დააფიქსირეს.
იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო სამსახურებში მუშაობენ და რომლებსაც არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, თავისი და ოჯახის წევრების პირადი ნომრები მერიებში ან ააიპ-ებში მიატანინეს, ხმის მიცემის და კენჭისყრის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ქოლცენტრში უნდა დაერეკათ და ეცნობებინათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და ხმა მისცეს. ამ ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნების წინა დღეს მიაწოდეს ტელეფონის ნომერი, რაზედაც ქოლცენტრში უნდა დაერეკათ.
ყველა საარჩევნო უბანს „ქართული ოცნების“ ქოლცენტრში თავისი საკონტაქტო პირი ჰყავდა. თეთრისწყაროს N1 საარჩევნო უბნის ქოლცენტრის საკონტაქტო პირად, დოკუმენტში მითითებულია სალომე იმნაძე. ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელია.
სატელეფონო კომუნიკაციის დროს თავდაპირველად მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლად გავეცანით და მოვთხოვეთ, განემარტა, საიდან ჰქონდა თეთრიწყაროს 26-ე საარჩევნო ოლქის 1-ელი უბნის ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ყველა ამომრჩევლის ID ბარათის ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი. სალომე იმნაძემ ტელეფონი გათიშა. იმნაძეს ისევ დავურეკეთ და ვუთხარით, რომ „საქართველოს ამბებიდან“ ვუკავშირდებოდით, არჩევნების დღეს მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
- „ვინ მიგდიხარ, მაგას რომ მიკეთებ. საიდან იცით ჩემი სახელი და გვარი, საიდან გაქვთ ჩემი ნომერი?
- სალომე, საიდან გქონდათ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები? ვინ გადმოგცათ, ვინ დაგავალათ, რომ 26 ოქტომბერს ქოლცენტრში 1-ელი საარჩევნო უბნის პასუხისმგებელი პირი უნდა ყოფილაყავით?
- ვინ მიგდიხარ მაგას რომ მელაპარაკები. მეორედ ამ ნომერზე არ დამირეკო“.
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე ქოლცენტრის პასუხისმგებელი პირი იყო ლია ფრიდონაშვილი. არჩევნების წინა დღეს, ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სწორედ მისი ტელეფონის ნომერი მისცეს და უთხრეს, რომ ხმის მიცემის შემდეგ უნდა დაერეკათ. ლია ფრიდონაშვილი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომელია, საქმის მწარმოებელი. ეს მუზეუმი ააიპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დაქვემდებარებაშია. ჩვენთან საუბარში ლია ფრიდონაშვილმა უარყო, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ქოლცენტრში მუშაობდა.
- აბა რატომ გირეკავდნენ ამომრჩევლები და რატომ გაბარებდნენ ანგარიშს, რომ უბანზე იყვნენ და ხმა მისცეს, ან თქვენ რატომ ურეკავდით მათ და მისვლას რატომ სთხოვდით?
- არვიცი, არვიცი.
- ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები ვინ გადმოგცათ?
- არვიცი რაზე მელარაკებით, არჩევნებში მე ჩართული არ ვყოფილვარ“.
ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ამომრჩევლების გამოცხადებაზე პასუხისმგებელი პირი იყო ადამ სამხარაძე, ქოლცენტრის ოპერატორები ლელა გედეხაური და გიორგი ბერძენიშვილი.