„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მედიასთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაში, რომლის მიღებაც მისმა პარტიამ გუშინ დაანონსა, „პირდაპირ გადმოიტანენ“ ბრიტანულ სტანდარტებსა და პროცედურებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, თუ კანონთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან კრიტიკული მოსაზრება ექნებათ, დიდ ბრიტანეთს მიმართონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ, საერთოდ. ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს.
რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? - მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ჟურნალისტები მათ არ იცავენ, რადგან არ არსებობს „ეფექტიანი დაცვის პროცედურები“.
„დღევანდელი კანონმდებლობით თუ რეგულაციებით რაც გვაქვს, ერთია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არის საკმაოდ მწირი და ჩარჩოში ჩასმული, არის შემდეგ განვრცობილი სხვადასხვა, შეიძლება, თავად მედიის შიდა ეთიკური სტანდარტებით ან ცალკეული ჟურნალისტური გაერთიანების ეთიკური სტანდარტებით, მაგრამ, ვხედავთ, რომ ეს არის არაეფექტიანი.
თვითრეგულაციის ნაწილი არის არაეფექტიანი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს პროცედურები, რომლებიც არ იქნება მინდობილი თავად მედიაზე, რომელიც თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ შემდეგ თავად იყოს დეზინფორმაციის აღმკვეთი, არამედ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავი დაიცვან „ფეიკ ნიუსისგან“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ახალი კანონის მიღების მიზნად „ფეიკ ნიუსებთან“ და დეზინფორმაციასთან ბრძოლა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ფაქტჩეკერებმა და კომპანია Meta-მ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი მედიები არაერთხელ ამხილეს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელებაში. 2023 წელს Meta-მ გამოავლინა, რომ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე შენიღბული ქსელი უკან, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, 24 საათის განმავლობაში ავრცელებდა ოპოზიციის კრიტიკას და მთავრობის მხარდამჭერ კონტენტს, მთავრობის სტრატკომი იდგა. მსგავსი კოორდინირებული არაავთენტური ქცევა გამოვლინდა 2024 წლის გაზაფხულზეც, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ შემთხვევაში ქსელის კვალი რუსეთამდე მიდიოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, 5 თებერვალს დააანონსა მორიგი რეპრესიული კანონები, რომელთა სამიზნე დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმუშავებენ.