„მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის შენიღბვას, ჩვენმა გამოძიებამ იპოვა კავშირები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, - აცხადებს კომპანია Meta, რომელიც Facebook-სა და Instagram-ს ფლობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
Meta-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში მიმდინარე წლის პირველ კვარტალს მოიცავს და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, საქართველოში, ბურკინა-ფასოსა და ტოგოს რესპუბლიკაში ფარული გავლენის ოპერაციებს ეხება.
საქართველოში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის საწინააღმდეგო პოლიტიკის დარღვევის გამო Meta-მ 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ის ორი ანგარიში გააუქმა.
„საქართველოში შექმნილი ამ ქსელის სამიზნე იყო მრავალი აპლიკაცია, მათ შორის, Facebook-ი, Instagram-ი და TikTok. იგი ფოკუსირებული იყო ქვეყანის შიდა აუდიტორიაზე.
ამ საქმიანობის უკან მდგომი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს გამოგონილი პიროვნებების შესაქმნელად, ჯგუფებისა და გვერდების სამართავად, მათივე კონტენტის მოსაწონებლად და კომენტარების გასაკეთებლად, რათა ის უფრო პოპულარული გამოჩენილიყო.
ეს გვერდები და ჯგუფები პოზიციონირებდნენ როგოც ადგილობრივი, დამოუკიდებელი, პროსამთავრობო ჯგუფები. ქსელი მუშაობდა 24-საათის განმავლობაში, ავრცელებდა საქართველოს მოქმედი მთავრობის მხარდამჭერ კონტენტს, მათ შორის, აზიარებდა ოფიციალური სამთავრობო გვერდების კონტენტს და პრო-სამთავრობო მედიის რეპორტაჟებს.
ისინი ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის მიმართ კრიტიკას, განსაკუთრებით, ბოლო საზოგადოებრივი პროტესტის დროს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან, რომელიც ამ დროისთვის უკვე უკან არის გახმობილი.
ფაქტობრივად, ეს ოპერაცია საპროტესტო მოვლენებს რეალურ დროში პასუხობდა, მათ შორის, ღამის საათებში. ადამიანები, რომლებიც ამ ქსელის უკან იდგნენ, აქვეყნებდნენ სტატიებს და კომენტარებს, ძირითადად, ქართულ ენაზე“, - წერია ანგარიშში.
Meta-მ აღნიშნული აქტივობა გამოავლინა შიდა გამოძიებით, რომელიც რეგიონში საეჭვო კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან დაკავშირებით ჩატარდა. Facebook-სა და Instagram-ზე პოსტების რეკლამირებისთვის დაახლოებით 33 500 აშშ დოლარია დახარჯული.
ტერმინი „კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“ აღწერს სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით, სტრატეგიული (მათ შორის, პოლიტიკური) მიზნების მისაღწევად, საჯარო დებატებით მანიპულირების მცდელობას. ამგვარ ოპერაციაში მთავარ როლს ყალბი ანგარიშები და გვერდები ასრულებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში კოორდინირებული არაავთენტური ქცევა გამოვლინდა. 2020 წელს გაუქმებულ ასობით ასეთ ანგარიშს შორის იყო კოკა ყანდიაშვილის „ეSპერსონასთან“ დაკავშირებული 700-ზე მეტი გვერდი და ჯგუფი Facebook-სა და Instagram-ზე. უფრო ადრე, 2019 წელს, Facebook-მა 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 ანგარიში გააუქმა. აღნიშნული ჯგუფები პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების სააგენტოები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტების ჯგუფები და საჯარო პირები. მათი პოსტები ძირითადად შეეხებოდა არჩევნებს, მთავრობის პოლიტიკას, საჯარო მოხელეებს, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკას. მაშინ Facebook-ის საგამოძიებო ჯგუფმა ეს საქმიანობა სარეკლამო კომპანია „პანდას“ და „ქართული ოცნების“ მთავრობას დაუკავშირა.